ახალი ამბები

განათლების მინისტრი პარლამენტის შენიშვნებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე არ იზიარებს

3 ოქტომბერი, 2014 • • 1322
განათლების მინისტრი პარლამენტის შენიშვნებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე არ იზიარებს

“იქ არის გარკვეული განცხადებები კატეგორიის რაოდენობასთან დაკავშირებით, რატომ უნდა იყოს 4 და რატომ არ შეიძლება რომ იყოს 3. ამაზე ჩვენ გვაქვს გარკვეული პასუხები. ეს არ არის ჰაერიდან აწყობილი სისტემა, ეს არის ძალიან კარგად გამოცდილი, აპრობირებული და, მე ვფიქრობ, ჩვენი პედაგოგებისთვის მისაღები სქემა. ამიტომ ჩვენ შევეცდებით, რომ ბოლომდე დავადასტუროთ და არგუმენტირებულად დავდოთ ჩვენი დასკვნები ამასთან დაკავშირებით,”– თქვა მინისტრმა.

 

კანონპროექტის თანახმად, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებლები დაიყოფიან შემდეგ პროფესიულ კატეგორიებად: ა) მენტორი მასწავლებელი (უმაღლესი კატეგორია); ბ) მკვლევარი მასწავლებელი (პირველი კატეგორია); გ) წარჩინებული მასწავლებელი (მეორე კატეგოერია); დ) პრაქტიკოსი მასწავლებელი (მესამე კატეგორია).

 

სანიკიძე ამბობს, რომ ამ სქემის შემუშავებაში განათლების სპეციალისტებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად 12 000 მასწავლებელი იყო ჩართული.

თამარ სანიკიძე; ფოტო: განათლების სამინისტრო
თამარ სანიკიძე; ფოტო: განათლების სამინისტრო

 

“ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველა სკოლიდან იყო წარმომადგენლობა, თვლიან და მიიჩნევენ, რომ ეს არის მათთვის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ წინ წაიწიონ, განვითარდნენ და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ მიდგომებს მხარს დავუჭერთ ყველა შემთხვევაში,”– განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

მინისტრის თქმით, პირველ მოსმენაზე გამოთქმული შენიშვნების დიდი ნაწილი ეხებოდა არა იმ ახალ პრინციპებს, რომელიც განათლების სამინისტროს შემოაქვს, არამედ მუხლების ფორმულირებას.

 

სანიკიძემ დეპუტატების კრიტიკის პასუხად, რომელიც მინისტრისთვის მასწავლებლისთვის სტატუსის შეჩერების უფლების მინიჭებას ეხებოდა,  განაცხადა, რომ ეს მუხლი კანონში თავიდანვე იდო.

 

“ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი და განსაკუთრებით უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან. რეალურად, ეს მუხლი კანონში იდო თავიდანვე, უბრალოდ, ეს უკავშირდებოდა არსებულ სერტიფიცირებას.  იქ იყო ნათქვამი, რომ შესაძლებელი იყო განათლების სამინისტროს მიერ თავიდანვე სერტიფიკატის ჩამორთმევა. ამიტომ მათი აღშფოთება იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელსაც თვითონ უყარეს კენჭი თავის დროზე და მიიღეს, იყო აბსოლუტურად გაუგებარი,“ – თქვა მინისტრმა.

 

მინისტრისთვის მისაღებია უმრავლესობის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ უნდა იყოს სასამართლო და ამის შემდეგ ჩამოერთვას მასწავლებელს მასწავლებლობის უფლება.

 

“ჩვენ იქვე დავაფიქსირეთ ჩვენი ნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ დროებით შევაჩეროთ ასეთი უფლება და შემდეგ საბოლოოდ დაველოდოთ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ისიც მისაღებია, რომ იყოს სასამართლოს განხილვა და ამ პერიოდში ჩვენ უბრალოდ მოვახდინოთ ამის შეჩერება,”– ამბობს თამარ სანიკიძე.

 

მისი თქმით, ამით თავიდან აიცილებენ სკოლაში ისეთი მასწავლებლის ყოფნას, რომელიც მოსწავლის უფლებებს არღვევს.

 

“ის მასწავლებელი, რომელიც  შეიძლება ფიზიკურად ეხებოდეს ბავშვს, ჩამოვაშოროთ სასწავლო პროცესს მაშინვე და არ დაველოდოთ ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამის გასაკეთებლად სტატუსის შეჩერება საკმარისია,”– თქვა მინისტრმა.

თამარ სანიკიძე ამბობს, რომ მისთვის მისაღებია კანონპროექტის კორექტირება ფორმულირების ნაწილში, თუმცა არა – პრინციპების დონეზე.


 

კანონპროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” პირველი მოსმენით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა წარადგინა.


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის განცხადებით, კომიტეტი მასწავლებელთა სერტიფიცირების არსებული წესის შეცვლას ეთანხმება, თუმცა, მიაჩნია, რომ როდესაც ერთი სქემის მეორით შცვლა ხდება, საკითხზე დამატებითი მუშაობაა საჭირო. „როცა ახალი სქემა შემოგვაქვს, ყველაფერი კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული, ყველა ტერმინი და ცნება ბოლომდე უნდა იყოს განმარტებული. რა აზრობრივი დატვირთვა აქვს ტერმინებს, პროექტში ცხადად არ არის წარმოდგენილი“, – განაცხადა ივანე კიღურაძემ.


მასალების გადაბეჭდვის წესი