ახალი ამბებისაზოგადოება

15 აპრილს მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილი გარემოსთვის გაიფიცება

7 აპრილი, 2019 • 2270
15 აპრილს მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილი გარემოსთვის გაიფიცება

15 აპრილს, საქართველოს მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილი სასწავლო დაწესებულებების ნაცვლად, აქციაზე წავა. გაფიცვითა და  საპროტესტო მსვლელობით ისინი შეეცდებიან, სახელმწიფოსა და საზოგადოების ყურადღება ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე მიაპყრონ, რომელიც, ორგანიზატორთა თქმით, დღითიდღე უარესდება.

გაფიცვის ორგანიზატორი “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები” და ორგანიზაცია “ვინ’მე” არიან. ამბობენ, რომ პროტესტის ამ ფორმით სურთ შეეწინააღმდეგონ არასწორ პოლიტიკას, რომლის შედეგიც გახშირებული წყალდიდობები და ხანძრებია, ასევე, “შეცვლილი კლიმატი, ჰაერის დაბინძურების მუდმივი ზრდა, ქაოსური მშენებლობები თბილისსა და ბათუმში”.

“ეს ყველაფერი ადამიანის, კერძოდ, ბიზნესისა და მათთან გარიგებაში შესული ხელისუფლებების გულგრილობისა და სიხარბის ბრალია. ამ ქვეყანაში კი ჩვენ, მომავალმა თაობამ, უნდა ვიცხოვროთ და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს მომავალს საფრთხე ემუქრება”, – წერენ  პროტესტის ორგანიზატორები.

მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალგაზრდების გაფიცვები რამდენიმე თვეა, უწყვეტად მიმდინარეობს. 16 წლის შვედი ეკოაქტივისტის ინდივიდუალური პროტესტი ნელ-ნელა გაიზარდა და საბოლოოდ, ასობით ათასი ახალგაზრდა მსოფლიოს მასშტაბით ქუჩაში გამოიყვანა.

“საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” წევრის, გიორგი ფცქიალაძის თქმით, თბილისში დაგემილი აქცია ადგილობრივ კონტექსტსა და იმ პრობლემებს მოერგება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს დიდი ხანია, აწუხებთ.

“…უფრო ფოკუსირებას გავაკეთებთ ადგილობრივ პრობლემებზე. იქნება ეს ჰესების პრობლემა, იქნება ეს ურბანული პრობლემები, რაც თბილისსა და ბათუმს აქვს, მათ შორის, ქაოსური მშენებლობები, დაურეგულირებელი ბაზარი, უმთავრესია ასევე ტრანსპორტი… უფრო მოვერგებით ადგილობრივ კონტექსტს. ის, რაც ყოველდღიურობაში საქართველოს მოქალაქეებს გვაწუხებს”, – აღნიშნა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

15 აპრილის პროტესტს ნატალი ჭინჭარაშვილიც შეუერთდება, რომელიც ამჟამად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ყვება, რომ სურს, სკოლის ერთი დღით გაცდენით ხელისუფლებას იმ გარემოს გაჯანსაღების აუცილებლობა შეახსენოს, რომელშიც მომავალმა თაობებამ უნდა იცხოვრონ. აქვს კიდევ ერთი გზავნილიც:

“ჩვენ ვიმაღლებთ ხმას: ვაჩვენებთ მთავრობას და უფროსი თაობის ყველა წარმომადგენელს, რომ ახალგაზრდებში არის ძალა და ვერავინ გაგვაჩერებს.

ჩვენ ბევრჯერ ვითხოვეთ, თუმცა თხოვნა არასდროს გაჭრის, რადგან მათი მთავარი ინტერესი ფულია.

ვაპირებთ, ჰუმანურად, მათთან[სახელმწიფოსთან] ერთად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი ექნებათ და იმედია, ექნებათ. გამოსვლის მიზეზი სწორედ ისაა, რომ რაღაცნაირი, ჰუმანური კავშირი დავამყაროთ თაობებს შორის”, – აცხადებს ის.

რაც შეეხება კრიტიკას სასწავლო დღის გაცდენის გამო, რომელიც ბოლო დროის გაფიცვების დროს არაერთგზის ისმის საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილისაგან, ნატალი ასე პასუხობს:

“ჩვენ რომ ერთ დღეს ვაცდენთ, ვაცდენთ იმიტომ, რომ დავანახოთ, რას აკეთებენ რეალურად ისინი. ერთი დღის გაცდენით არაფერი დაგვაკლდება და რომც დაგვაკლდეს, იმხელა მომავალს გვართმევენ, სჯობს, დროულად გაახილონ თვალი”.

თამარ ჯაყელი მწვანე პოლიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციის, “ვინ’მე”-ს დამფუძნებელია. როგორც “ნეტგაზეთს” უყვება, გარკვეული დროის მანძილზე ნაკლებად სჯეროდა, რომ თავად, როგორც ერთ აქტივისტს, რაიმეს შეცვლა შეეძლო. თუმცა საწინააღმდეგოდ ფიქრობს შვედი ეკოაქტივისტის, 16 წლის გრეტა ტუნბერგის ინდივიდუალური პროტესტის შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს გარშემო უამრავი ახალგაზრდა აიყოლია.

“ყოველდღიურად, ჩვენი ცხვირებითაც ვგრძნობთ, რომ საშინლად დაბინძურებულია ჰაერი. არ დაგვრჩა მწვანე ზონები, სადაც შეგვიძლია, გავიდეთ, გავისეირნოთ, მეგობრებს შევხვდეთ… ყოველდღიურად გვესმის, რომ იმ ერთ-ორ მწვანე ზონას, რაც დაგვრჩა, შეიძლება, ემუქრებოდეს ინვესტორის მიერ მისაკუთრება, ჩაბეტონება და ფაქტობრივად, მოქალაქეებისთვის ამ სივრცის დაკარგვა.

ყველაფერი ეს ჩემთვის მართლა ძალიან სამწუხაროა და განვიცდი. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ არ შემეძლო არაფრის შეცვლა. თუმცა, როცა დავინახე დასავლეთში დაწყებული გაფიცვები, რომელიც თავდაპირველად 15 წლის შვედმა გოგომ დაიწყო და შემდგომ ასი ათასობით ახალგაზრდა შეუერთდა, ვიფიქრე, რატომაც არა? რატომ არ შეიძლება, საქართველოში გავაკეთოთ იგივე? მითუმეტეს იმ ფონზე, რომ აქ ბევრად უარესი სიტუაციაა.

ასე რომ გადავწყვიტეთ, რომ დროა, საქართველოში ახალგაზრდებმა გადაწყვიტონ, რომ თავად იზრუნებენ ამ ქალაქსა და ქვეყანაზე და მოითხოვონ მწვანე პოლიტიკა. ამის გარეშე არ გვექნება არც ქალაქი, არც ქვეყანა და არც პლანეტა. იმედი გვაქვს, უფრო თაობაც და სხვა ორგანიზაციებიც დაგვიჭერენ მხარს”, – აცხადებს ის.

მარიამ ვაწაძეც “ახალგაზრდა მწვანეების” წევრია. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტეზე. აცხადებს, რომ განათლების მიღების მოტივაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ პირობებში, როცა სახელმწიფო სფეროს სპეციალისტებს არ უსმენს, ყოველივე ეს კი ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება:

“…როცა საქმის სპეციალისტები დებენ ამა თუ იმ კვლევას, სახელმწიფო და ბიზნესი ამას უგულებელჰყოფს. ეს მოხდა RMG-ს შემთხვევაში, რომელმაც საყდრისი ააფეთქა, მთაწმინდაზე, სადაც ქედს ჭრიან, ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში და ა.შ. აქ ჩნდება კითხვა, რისთვის ვსწავლობთ ჩვენ, თუ განათლებულ ადამიანებს ასე მოვექცევით და შრომას არ დავუფასებთ?

ჰაერის დაბინძურება და გაუმართავი ტრანსპორტი ყველას პირადად გვეხება, ზიანს აყენებს ჩვენს აწმყოსა და მომავალს. განათლების სისტემა არანაირად არ გვეუბნება იმას, რომ ეს  არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მსოფლიოს აქვს. არც იმ ინსტრუმენტებს გვაძლევს, როგორი უნდა იყოს ადამიანზე მორგებული ქალაქი. სისტემა ვერ პასუხობს პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც ახალგაზრდებს იმისთვის სჭირდებათ, რომ უბრალოდ იცხოვრონ”.

15 აპრილს დაგემილი გაფიცვის შემდეგ, ზემოაღნიშნული ორგანიზაციები პროტესტს ორგანიზებას აღარ გაუწევენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ინიციატივას სხვა ახალგაზრდები გადაიბარებენ, რომელთაც შემდგომ ინდივიდუალურად შეურთდებიან.

“იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, კლიმატის გაფიცვა ქვემოდან წამოვიდა, ჩვენც ველოდით, რომ სტუდენტები ინიციატივას თავად გამოიჩენდნენ და არ იქნებოდა საჭირო რაღაც ორგანიზაციას დაეორგანიზებინა ეს. უბრალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა კონტექსტში ვართ და სხვა რაღაცებზე გვიწევს ფიქრი, ძალიან რთულია ახალგაზრდების მიერ ამის ორგანიზება.

ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ეს, გამოვიდეთ, გავიფიცოთ და ეს როგორ გაგრძელდება, ჩვენთვის უცნობია. ორგანიზებას ამას აღარ გავუკეთებთ, თუმცა თუ სტუდენტები და მოსწავლეები გადაწყვეტენ, რომ ყელში ამოვიდა და აღარ შეიძლება ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ჩვენც, ინდივიდუალურად, ვიქნებით ამის ნაწილი”, – ამბობს “ახალგაზრდა მწვანეების” წევრი გიორგი ფცქიალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი