ახალი ამბები

15 წლის იტალიელმა ბიჭმა ულტრამემარჯვენე აქტივისტების აქციაზე ბოშები დაიცვა – ვიდეო

5 აპრილი, 2019 • 1707
15 წლის იტალიელმა ბიჭმა ულტრამემარჯვენე აქტივისტების აქციაზე ბოშები დაიცვა – ვიდეო

15 წლის იტალიელი ბიჭი ულტრამემარჯვენე ატივისტების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციაზე მივიდა და ბოშების უფლებები დაიცვა.

როგორც “გარდიანი” წერს, 15 წლის სიმონე რომი გარეუბანში, ასობით ულტრამემარჯვენე აქტივისტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდა. აქციის მონაწილეები ამ ტერიტორიაზე მდებარე ცენტრში 70 ბოშის დროებით შესახლებას აპროტესტებდნენ.

სანამ ნეონაცისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ ადგილობრივებს ამ დასახლებაში ბოშების ყოფნა არ სურდათ, მოზარდმა ხელი აწია და თქვა, რომ ის ასე არ ფიქრობს. ბიჭის თქმით, თავადაც ამ დასახლების მკვიდრია:

“მსგავსი მოვლენები ყოველთვის უმცირესობების წინააღმდეგ ხდება და ეს ჩემთვის მისაღები არაა. როდესაც საუბრობთ, რომ ევროპული ფონდები ამ დასახლებებში ინვესტიციებს ახორციელებენ, მე ვფიქრობ, რომ მათ თანხა ყველაზე უნდა დახარჯონ და მის მიღმა არავინ არ უნდა დარჩეს, არც იტალიელები, არც ბოშები და არც აფრიკელები, არავინ არ უნდა მივატოვოთ”, – უთხრა მოზარდმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს.

“გარდიანის” თქმით, ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო რამდენიმე საათში ვირუსულად გავრცელდა და იტალიურ მედიაშიც გაშუქდა. ადგილობრივმა პრესამ ბიჭს “ახალი გმირიც” უწოდა.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთშაბათს საღამოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ავტობუსით 70 ბოშის ტრანსპორტირებას გეგმავდნენ რომის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე ცენტრის მიმართულებით. მალევე, 300-მდე პირი შენობის შესასვლელთან მოგროვდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ მანქანებს ცეცხლი წაუკიდა.

როგორც “გარდიანი” წერს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ “ბოშები შიმშილით უნდა დაიხოცონ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი