ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქართულ საზოგადოებაში ნოვატორების ნაკლებობაა – თამარ ტერაშვილი ცხინვალიდან

5 აპრილი, 2019 • 2444
ქართულ საზოგადოებაში ნოვატორების ნაკლებობაა – თამარ ტერაშვილი ცხინვალიდან

თამარ ტერაშვილი, ცხინვალი


სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დღეს ძირითადად დაკავებულია საკუთარი საყოფაცხოვრებო, სოციალური საკითხებითა და პრობლემებით. ქართულ-ოსური ურთიერთობების მიმართ ინტერესი არც ადგილობრივ მედიაში და არც პირად საუბრებში შეიმჩნევა, თუმცა, ჩემი აზრით, ხალხს ამ კუთხით უკეთესი ცვლილებები სურს.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ალბათ, დაახლოებით 30%, ფიქრობს, რომ საზღვრების გახსნის შემთხვევაში, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოდან პროდუქტი უკვე აღარ შემოდის ლენინგორის რაიონიდან. შესაბამისად, პროდუქტი გაძვირდა და ადამიანებს აღარც ფასი და აღარც ხარისხი მოსწონთ. ადრე ბევრი ადგილობრივი სრულიად გაცნობიერებულად ყიდულობდა საქართველოდან ჩამოტანილ ხილსა და ბოსტნეულს, რადგან, როგორც ამბობდნენ, “მათ ნამდვილად ხილისა და ბოსტნეულის გემო ჰქონდა”.

ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, საყოფაცხოვრებო დონეზე გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობები სურს. საქართველო არ უნდა მოეჭიდოს რაღაც პრინციპებს, რომელიც არაფერს მოიტანს და წინ წასვლის საშუალებასაც არ მოგვცემს, არც შეუწყობს ხელს ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარებას.

ქართული საზოგადოება თავს ევროპელად მიიჩნევს და ამავე დროს რჩება კონსერვატორი, პატრიარქალური და რელიგიური, იქ ნოვატორების ნაკლებობაა.

ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ გარდა იმისა, საქართველომ საკუთარი წარსული შეცდომებიდან გაკვეთილი უნდა გამოიტანოს, სიახლე უნდა შემოიტანოს. აი, მაგალითად, სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი გააუქმა კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის, რამაც კავკასიის რეგიონიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი გაზარდა. ტურისტები საქართველოს კურორტებს ამჯობინებენ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის კურორტებს იმიტომ, რომ იქ [საქართველოში] ჯერ კიდევ ყველაფერი უფრო იაფი და ხარისხიანია, მომსახურების სფერო უკეთესი და, შესაბამისად, მოთხოვნაც მეტია.

და კიდევ, პირველი ინიციატივა საქართველოდან უნდა წამოვიდეს, შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან იქნება საპასუხო რეაქცია. ჩვენთან ხომ ადამიანები ბევრს ვერ წყვეტენ, მით უმეტეს, სამოქალაქო საზოგადოება პასიურია და ხელისუფლებას არ აქვს ნება, დაალაგოს ქართულ-ოსური ურთიერთობები, პასიურად ელოდებიან კრემლის მითითებებს.

საქართველოს არ უღირს ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აღიაზიანებს. მეტი კონკრეტული წინადადება უნდა შესთავაზოს, რომლის განხილვაც ახალი რეალიებისა და შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით შესაძლებელია.


გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი