ახალი ამბებისამართალი

გამოკითხულთა 87%-ის აზრით, ხელისუფლება მოსამართლეთა კლანს ხელს აფარებს – TI-ის კვლევა

5 აპრილი, 2019 • 1182
გამოკითხულთა 87%-ის აზრით, ხელისუფლება მოსამართლეთა კლანს ხელს აფარებს – TI-ის კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობა მომხრეა, წარსულში ზეწოლის ქვეშ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ავტორებმა სასამართლო სისტემა დატოვონ.

კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50%-ის აზრით, სასამართლო არ არის სამართლიანი.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა კლანი არსებობს, ხოლო გამოკითხულთა 87%-ს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს. ამავე კვლევით, გამოკითხულთა 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას (83%) სურს, სასამართლო სისტემაში არ მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

TI სვამს კითხვას – იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა დაბალია, საინტერესოა, რაში ხედავს გამოსავალს თავად მოსახლეობა? გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი (46%) ადამიანი ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41% ფიქრობს, რომ ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი