ახალი ამბებიეკონომიკა

ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა – სააგენტო

5 აპრილი, 2019 • 3493
ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა – სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

მათივე ინფორმაციით, ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

  • პოლონეთი – 39% (1032400 ბოთლი),
  • ჩინეთი – 23% (1372839) და აშშ – 165% (182025);

ასევე, ევროპის მიმართულებით:

  • ლიტვა – 21% (134376);
  • ესტონეთი – 18% (142112);
  • საფრანგეთი – 41% (34170);
  • შვედეთი – 313% (9000);
  • ბულგარეთი – 161% (4500);

ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:

  • რუსეთი – 15% (13279083);
  • ბელარუსი – 36% (317280);
  • მონღოლეთი – 7% (66012) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია:

  • რუსეთი (13279083);
  • უკრაინა (1419222);
  • ჩინეთი (1372839);
  • პოლონეთი (1032400) და ყაზახეთი (560460).

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია ღვინო „ქინძმარაული“ – 3677356 ბოთლი, მას მოსდევს „მუკუზანი“ – 1209406, „წინანდალი“ – 890458, „ახაშენი“ – 422220, „ხვანჭკარა“ – 226072 და ა.შ.

წლის დასაწყისში, როგორც სააგენტო გვაცნობებს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 148 კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, ღვინის სააგენტოს განცხადებით, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 74%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მათი ცნობით, ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 12,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 71%).

სააგენტოს განცხადებით, მსოფლიოს 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 118 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 170% შეადგინა. მათი ინფორმაციის თანახმად, ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 323 ათასი აშშ დოლარია (ზრდა 153%).

მთლიანობაში, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, პირველ კვარტალში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67,7 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ს აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი