ახალი ამბები

საპატრიარქოს პოზიცია ანდრიაძის მიერ “კატაკომბური ეკლესიის” დარეგისტრირებაზე

4 აპრილი, 2019 • 2240
საპატრიარქოს პოზიცია ანდრიაძის მიერ “კატაკომბური ეკლესიის” დარეგისტრირებაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეხმაურება მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ანდრიაძის მიერ ,კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის“ დარეგისტრირების საკითხს. საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“რამდენიმე დღის წინ მასმედიით გახდა ცნობილი ,,კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაარსების შესახებ, რომელიც ისევე ათავისუფლებს ახალგაზრდებს ჯარიდან, როგორც ,,გირჩის“ მიერ შექმნილი ფსევდორელიგიური ორგანიზაცია,- ,,ბიბლიური თავისუფლება“.

,,კატაკომბურ ეკლესიასთან“ დაკავშირებით გიორგი ანდრიაძემ განგვიმარტა, რომ პირადად იგი არ არის მისი არც დამფუძნებული და არც წევრი, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ,,გირჩის“ ,,ბიბლიური თავისუფლების“ და ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონის მანკიერი მხარის გაუქმებას და დასძინა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა, რომელიც საერთოდ არაა დაკავშირებული საქართველოს საპატრიარქოსთან.

ჩვენის მხრიდან გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

საქართველოს საპატრიარქომ ადრეც დააფიქსირა თავისი პოზიცია და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქვეყნისთვის ყოვლად აუცილებელია, საქართველოს სამხედრო-სავალდებულო სისტემის დახვეწა იმდენად, რომ აქ მსახურება ახალგაზრდებისთვის იყოს ღირსების საქმე; ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას შეტანილი სათანადო ცვლილება, რათა არც ორგანიზაცია ,,გირჩს“, რომლის ქმედებაც მიმართულია ეკლესიის, სახელმწიფოს და, საერთოდ, საზოგადოების წინააღმდეგ, და არც სხვა რომელიმე გაერთიანებას არ მიეცეს საშუალება, ისარგებლონ კანონში არსებული ლაფსუსით და ეს თავისი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

ამავე თემაზე

ანდრიაძემ “ბიბლიური თავისუფლების” საპირწონედ “კატაკომბური ეკლესია” დაარეგისტრირა

მასალების გადაბეჭდვის წესი