ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჯარი მიტინგების დასარბევად – სომხეთის პარლამენტმა უმცირესობის კანონპროექტი ჩააგდო

1 ოქტომბერი, 2014 • • 1131
ჯარი მიტინგების დასარბევად – სომხეთის პარლამენტმა უმცირესობის კანონპროექტი ჩააგდო

კანონპროექტს 35-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 59-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 5-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.


კანონპროექტის ავტორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ჯარი არ შეიძლება იყოს გამოყენებული შიდასახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად. კერძოდ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა “სომხეთის ეროვნული კონგრესის” ფრაქციიდან, გაგიკ ჯანგირიანმა განაცხადა, რომ ცვლილება, რომელიც ჯარის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, კანონში 2012 წელს შევიდა, რათა გაემართლებინათ ხელისუფლების მოქმედება 2008 წლის 1 მარტის ტრაგიკული მოვლენების დროს.


შეგახსენებთ, რომ მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში საპროტესტო აქციით: დაიწყო დარბევები ერევნის ცენტრში, დაწვეს 20-მდე ავტომანქანა, მოხდა შეტაკებები სამართალდამცავებთან, რა დროსაც დაიღუპა 10 ადამიანი და 300-მდე პირი დაიჭრა. ამ საქმის გამოძიება დღემდე არ დასრულებულა და არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

სომხეთის პარლამენტი
სომხეთის პარლამენტი

 

გაგიკ ჯანგირიანი დარწმუნებულია, რომ ჯარის გამოყენება მსგავსი პრობლემების მოგვარებისთვის ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. მან აღნიშნა, რომ სამხედრო შეიარაღებული ძალების წვრთნა განსხვავდება პოლიციის შიდა საჯარისო ნაწილების წვრთნებისგან და ამის გამო არმიის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ამასთან, კანონში შესული ცვლილებებით, ზოგიერთ შემთხვევებში ჯარის მონაწილეობა დასაშვებია, მაგალითად, სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის დროს, მაგრამ დასაშვებია მხოლოდ ადამიანური რესურსის და ავტოსანტრანსპორტო საშუალებების გამოყენება და არა – იარაღის.


“შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველი უნდა იყოს სახელმწიფოზე თავდასხმა, ან რეალური საფრთხე ასეთი თავდასხმისა, ან ომის გამოცხადება”, – მიიჩნევს ჯანგირიანი, – “მაგრამ ეს შემთხვევებიც არაა საკმარისი, რადგან თავდაპირველად უნდა გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა და ნაწილობრივი ან სრული მობილიზაცია”.


სახელმწიფო-სამართლებრივი საკითხების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, “რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციის წევრი ოვანეს სააკიანი, თავის მხრივ, ხაზს უსვმას იმას, რომ როდესაც დგება ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, ის უნდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ამასთან დაკავშირებით, – მიიჩნევს დეპუტატი მმართველი პარტიიდან, – უფრო მართებული იქნებოდა, ჯერ ამ საკითხით მიემართათ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.


მისივე თქმით, ძირითადი კანონის თანახმად, კონსტიტუციური წესრიგისადმი საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და გადადგას განსაზღვრული ნაბიჯები, რაც გამომდინარეობს შექმნილი სიტუაციიდან. ამ ნაბიჯებში კი შეიძლება იგულისმებოდეს “ნებისმირი რამ”, თუნდაც ჯარის მონაწილეობა წესრიგის დამყარების დროს ქალაქის ქუჩებში.

 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი