ახალი ამბები

სცენას – როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი პოლიციაში, მოსახლეობა ვერ ნახავს – ადვოკატი

4 აპრილი, 2019 • 4202
სცენას – როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი პოლიციაში, მოსახლეობა ვერ ნახავს – ადვოკატი

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ მისი კლიენტი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო წავიდა ესპანეთში.

როგორც ადვოკატმა “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი კლიენტი დაკითხვაზე ჯერ დაბარებული არაა, თუმცა, თუ დაიბარებენ, ის ქალაქის სამმართველოში არ მივა:

„სცენას – როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის სამმართველოში- ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს. ეს სცენა არ დაიდგმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, სცენას, რომ საქართველოს სამეფო სახლის მეთაური მიდის დაკითხვაზე ქალაქის პოლიციაში, ვერავინ ნახავს იმიტომ, რომ ეს ბრალდებები არის ცილისწამება. ეს არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“ – თქვა ჩხეიძემ “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დავით ბაგრატიონს პასუხისმგებლობა დაეკისრება დაკითხვზე მიუსვლელობის გამო, ამას პოლიტიკურ დევნად შეაფასებენ:

„ეს ჩვენი მხრიდან უკვე შეფასებული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნა. ჩემი მარწმუნებელი ამას შეაფასებს, როგორც პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ უარს ვიტყვით სასამართლოში გამოცხადებაზე”, – ამბობს ადვოკატი.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ უნდა მივიდეს დაკითხვაზე დავით ბაგრატიონი, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეა, ადვოკატი პასუხობს:

“ჩემი მარწმუნებელი არ არის უბრალო მოქალაქე. უბრალო მოქალაქეები უპარტყუნებენ ცოლებს აქეთ-იქით, მარჯვნივ-მარცხნივ, მაგრამ ეს მედიას არ აინტერესებს. ჩემი მარწმუნებელი იმიტომ გახდა საინტერესო, რომ ის არ არის უბრალო მოქალაქე“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ყოფილი ცოლის ბრალდებები ცილისწამებად შეაფასა:

“ის, რომ მოცემული საქმე იყო უპერსპექტივო, ვგულისხმობ 126-ე პრიმა მუხლს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, ამ მუხლის მოქმედება ხანდაზმულია. მოწინააღმეგე მხარე ამის შემდეგ უფრო შორს წავიდა ცილისწამებაში და მოიგონეს ახალი სიცრუე, თითქოს ჩემმა მარწმუნებელმა თავისუფლება აღუკვეთა ქალბატონ ანას. აღნიშნულიც, რა თქმა უნდა, წარმოადგენს სიცრუეს, არანაირ თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია”, – თქვა ადვოატმა.

ანა ბაგრატიონის შესაძლო ცემაზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი