ახალი ამბები

2 საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა – კაკულია იზორიას

4 აპრილი, 2019 • 1054
2 საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა – კაკულია იზორიას

ცოტა გაოცებული ვარ, მართალი გითხრათ. ორი საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.

“თქვენი უწყება, იმედია, არ ხართ დაკომპლექსებული იმ ძალიან უჩვეულო მოვლენით, რომელსაც ამ ქვეყანაში ადგილი აქვს. ვიცით, რომ არსებობს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა ამ ქვეყანაში და რუსეთი თავისი მიზნის მისაღწევად, ცხადია, იყენებს რუსეთის საფრთხეს ჩვენი ქვეყნისადმი ნატოსკენ მიმავალ გზაზე. იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც ევროპული ორიენტაცია გვაქვს და არ გვინდა ვიყოთ ასოცირებული ამ პოლიტიკოსებთან,  ეს არ ნიშნავს, რომ ეს საფრთხე არ არსებობს”, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით აქ არის ორი ალტერნატივა:

  1. ეს საფრთხე არსებობს და მისგან თავის დაცვის გარანტია არის ჩვენი მცდელობები და საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება არასათანადოა, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში არის გარანტია იმის, რომ 40 კილომეტრში მდგომი ტანკები არ იქნებიან თბილისში;
  2.  მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე, ვლადიმერ პუტინის თუ რუსეთის სახით, შეიძლება არ იყოს იმ მასშტაბის მხარდაჭერა, რომ ეს საფრთხე თავიდან ავიცილოთ, მაგრამ არის რა ეს ჩვენი საერთო არჩევანი, მთლიანობაში მზად ვართ ამ გამოწვევის მისაღებად.

“მე მეჩვენება, რომ რეალობაში ამასთან გვაქვს საქმე და თავს ვიიმედებთ, რომ მეორე ალტერნატივასთან გვაქვს საქმე. ყველაზე ღირსეული მომენტი იქნებოდა, ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა ჩვენ მთლიანი ეროვნული თანხმობით, მიუხედავად გამოწვევებისა, გვაქვს მზაობა დავხვდეთ ამას, მაგრამ ამას სულ სხვა განათლების პოლიტიკა უნდა და მთელი რიგის პრობლემების მოგვარების მცდელობა, რომელსაც მე, საწუხაროდ,  ვერ ვხედავ”, – განაცხადა კაკულიამ და თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, რა მოტივით არ ისაუბრა ამ გამოწვევებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი