ახალი ამბები

რუსეთის ირგვლივ ნატოს ბევრი ბაზაა და მისი რეაქციაც ადეკვატურია – ბექა ნაცვლიშვილი

4 აპრილი, 2019 • 2717
რუსეთის ირგვლივ ნატოს ბევრი ბაზაა და მისი რეაქციაც ადეკვატურია – ბექა ნაცვლიშვილი

დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის აზრით, რუსეთის თავდაცვის პოლიტიკა ძალთა ბალანსის პოლიტიკას ეფუძნება და მისი რეაქცია ადეკვატურია ნატოს სამხედრო ბაზების  რუსეთის საზღვრებთან განთავსებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრს უსმენენ და ლევან იზორიას დაუსვა კითხვა, მზად არიან თუ არა საქართველო და მისი პარტნიორები ჰიპოთეტური მოცემულობისთვის, რომ შეიძლება ქვეყანა ე.წ. proxy ომების (დაპირისპირებული მხარეების არაპირდაპირი ომი სხვა ძალების და აქტორების გამოყენებით) ადგილი გახდეს.

“მიუხედავად ცივი ომის დამთავრებისა, დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის არ დასრულებულა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდულ ომებში არ გამოიხატება, შეიძლება უფრო proxy ომებში გამოიხატებოდეს. ჩვენც შეიძლება ერთ-ერთი მაგალითი ვიყოთ ამისი. რუსეთის თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება ძალთა ბალანსის პოლიტიკას – ჩვეულებრივი ამბავია. მიუხეადვად ლიბერალური თეორიებისა, ძალთა ბალანსის პოლიტიკა მაინც დომინირებს მის დამოკიდებულებაში. ამერიკის შეერთებული შტატების ირგვლივ რუსეთს არ ჰყავს არცერთი სამხედრო ბაზა, ხომ?! რუსეთის ირგვლივ ძალიან ბევრი ნატო-ს სამხედრო ბაზაა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ საფრთხეს განიცდის და, შესაბამისად, მისი რეაქციაც არის ადეკვატური”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რაში შეიძლება გამოიხატოს რუსეთის “ადეკვატური რეაქცია”.

“მისი ეს ადეკვატური რეაქცია შეიძლება გამოიხატოს ელემენტარულად იმაში, რომ ჩვენს ირგვლივ ან ჩვენ გავხდეთ ისევ ამ proxy ომის ადგილი. რადენად გათვითცნობიერებული გვაქვს ეს? რამდენად კარგად ვართ მომზადებული? რამდენად მზად არიან ზოგადად ასეთი, შეიძლება ამ შემთხვევაში ცოტა ჰიპოთეტური, მაგრამ რეალობისგან არცთუ ისე შორს მდგომი მოცემულობისთვის ჩვენი პარტნიორები, ან რამდენად მზად ვართ ჩვენ?”- ჰკითხა ნაცვლიშვილმა თავდაცვის მინისტრს.

მისივე თქმით, შეიძლება ეს სცენარი დღეს ჰიპოთეტურად ჟღერდეს, მაგრამ “რეალობა შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს”.

ჯერჯეორბით იზორიას არ უპასუხია დეპუტატის შეკითხვისთვის.

ამავე თემაზე

ბექა ნაცვლიშვილის განმარტება ნატო/რუსეთის საკითხზე

მასალების გადაბეჭდვის წესი