ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალები “მაჭახელაში” არ შეუშვეს

4 აპრილი, 2019 • 2686
ტრანსგენდერი ქალები “მაჭახელაში” არ შეუშვეს

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ორ ტრანსგენდერ ქალს “მაჭახელას” რესტორანში არ უშვებენ. მიზეზად დაცვა ასახელებს, რომ ისინი “რესტორნისთვის არასასურველი კლიენტები არიან”.

რესტორნების ქსელ “მაჭახელაში” ამბობენ, რომ ტრანსგენდერი ქალები რესტორანში წარსულში შინაგანაწესის დარღვევის გამო არ შეუშვეს. რესტორანში უარყოფენ, რომ ადგილი ჰქონდა ტრანსფობიას:

“მიზეზი, რასაც ეს ქალბატონები ამბობენ, რომ ტრანსგენდერობის გამო არ უშვებენო, არის აბსურდი. დადიოდნენ ისინი ჩვენს ქსელში არამარტო მეიდანზე, სადაც ინციდენტი მოხდა, აღმაშენებელსა და თავისუფლებაზეც ბევრჯერ ყოფილან.

არიან ძალიან არასასურველი სტუმრები არა იმიტომ, რომ ტრანსგენდერები არიან, იწვევენ დებოშს, სიგარეტს ეწევიან დარბაზში და არ ემორჩიელებიან შინაგანაწესს. შინაგანაწესის დარღვევაში იგულისხმება ხმაური”, – ამბობს რესტორნის მენეჯერი “ნეტგაზეთთან”.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტი თემურ საბელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ქალები ტარნსფობიური გამონათქვამებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით  გააგდეს”მაჭახელიდან”:

“ორი ტრანსგენდერი ქალი დღეს არ შეუშვეს “მაჭახელაში” ტრანსფობიურ ნიადაგზე. ტრანსფობიური გმაონათქვამებით და ფიზიკური ძალადობის ნიადაგზე ისინი გამოაგდეს მაჭახელიდან, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება”, – ამბობს ადვოკატი.

ამას უარყოფს “მაჭახელის” მენეჯერი. მისი თქმით, ფიზიკური ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და ტრანსგენდერ ქალებს კომუნიკაცია მხოლოდ დაცვის თანამშრომელთან ჰქონდათ.

როგორც ნეტგაზეთს “სახალხო დამცველის აპარატში” განუცხადეს, ომბუდსმენი საკითხის დეტალებს არკვევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი