ახალი ამბები

ზელენსკი-პოროშენკოს დებატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება

4 აპრილი, 2019 • 1533
ზელენსკი-პოროშენკოს დებატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს – პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის – შორის დებატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოროშენკო თავისი კონკურენტის შეთავაზებას დათანხმდა.

ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეორგოლში, რომელშიც ოლიმპიურ სტადიონზე არის გადაღებული, პეტრო პოროშენკო სახალხო დებატებში გამოიწვია და მას 24-საათიანი ვადა მისცა. პეტრო პოროშენკომ ზელენსკის ასევე ვიდეომიმართვით უპასუხა.

“დებატების წესები გაწერილია კანონში პრეზიდენტის არჩევნების შესახებ. გთხოვთ, წაიკითხოთ. ეს შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე, ყველა ტელეარხზე ტრანსლირების საშუალებით. მაგრამ სტადიონი, ე.ი. სტადონი. გელოდებით, ვლადიმერ ალექსანდროვიჩ”, – ამბობს პოროშენკო.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 4 აპრილს განაცხადა, რომ ბიულეტენების 100% დათვლილია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვლადიმერ ზელენსკიმ ხმათა 30.24% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი – 15.95%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი