ახალი ამბები

უფრო ყურადღებით მოვეკიდები ადამიანების პერსონალურ სივრცეს – ბაიდენის განმარტება

4 აპრილი, 2019 • 1175
უფრო ყურადღებით მოვეკიდები ადამიანების პერსონალურ სივრცეს – ბაიდენის განმარტება

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ორმა ქალმა არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა, ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ბაიდენის განმარტებით, მხარდაჭერის და გამხნევების ჟესტებმა, რომლებსაც ის იყენებს ადამიანების მიმართ, როგორც ჩანს, მათ არაკომფორტულად აგრძნობინა თავი და ამიერიდან უფრო ფრთხილად მოეკიდება სხვის პერსონალურ სივრცეს.

“ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი ადამიანური ურთიერთობები დამემყარებინა. ვფიქრობ, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. მე ხელს ვართმევ ადამიანებს, ვეხები, მხარზე ხელს ვავლებ (ქალს თუ კაცს) და ვეუბნები, შენ შეგიძლია ამის გაკეთება. ამ გზით ვცდილობ ვაჩვენო, რომ ვუსმენ”, – აცხადებს ბაიდენი.

ყოფილი ვიცეპრეზიდენტის თქმით, ის აცნობიერებს, რომ სოციალური ქცევის ნორმები იცვლება და პერსონალური სივრცის დაცვის საზღვრები გადაიხედა.

“მე ეს გავიგე. გავიგე. მესმის, რასაც ამბობენ. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. უფრო ყურადღებით და პატივისცემით მოვეკიდები ადამიანების პერსონალურ სივრცეს. მე მთელი ჩემი ცხოვრება ვმუშაობდი ქალების გაძლიერებაზე”, – ამბობს ბაიდენი ვიდეომიმართვაში, რომელიც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.


აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც შესაძლოა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს, ორი ქალი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.

43 წლის ემი ლაპოსმა ამერიკულ მედიასაშუალება Hartford Courant-ს უთხრა, რომ შემთხვევა 2009 წელს, დემოკრატიული პარტიის შემომწირველთა ვახშამზე, ერთ-ერთ კერძო სახლში მოხდა.

“ეს არ იყო სექსუალური შინაარსის, მაგრამ მან კისერზე მომკიდა ხელი, თავი დამიჭირა და ცხვირით ცხვირზე გამეხახუნა. როდესაც მან თავი დამიჭირა, მეგონა, ტუჩებში კოცნას აპირებდა”, – უთხრა ლაპოსმა Hartford Courant-ს.

მეორე მბრალდებელია ლუსი ფლორესი, რომლის თქმითაც, ჯო ბაიდენი 2014 წელს საარჩევნო კამპანიის დროს შეეხო. ფლორესის თქმით, როდესაც ის სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა, ბაიდენმა მას ხელები ზურგს უკან, მხრებზე დაადო, მისი თმა დაყნოსა და წყნარად აკოცა თავზე.

 

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენს ორი ქალი არასასურველ შეხებაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი