ახალი ამბები

აშშ თურქეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს რუსული ანტისარაკეტო სისტემის ყიდვის გამო

4 აპრილი, 2019 • 1729
აშშ თურქეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს რუსული ანტისარაკეტო სისტემის ყიდვის გამო

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, თურქეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი არ შეეგუება მის მიერ რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენას. განცხადებას უკვე გამოეხმაურა მისი კოლეგა თურქეთიდან, რომელმაც აშშ გააკრიტიკა სირიაში ქურთი მებრძოლების მხარდაჭერის გამო.

მაიკ პენსმა ანკარისადმი მორიგი გაფრთხილება ვაშინგტონში, ნატოს 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამიტზე გაახმიანა. მან თურქეთის მიერ რუსეთისაგან სარაკეტო სისტემის შესაძლო შეძენა შეაფასა როგორც საფრთხე ალიანსის სიძლიერისათვის.

“ჩვენ ნათელი გავხადეთ, რომ მშვიდად არ ვიდგებით, როცა ნატოს მოკავშირეები ჩვენი მოწინააღმდეგისგან ყიდულობენ იარაღს, რომელიც ამ ალიანსის ერთობას ემუქრება”, – აღნიშნა მან და დასძინა:

“თურქეთის მიერ $2.5-მილიარდიანი S 400-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის რუსეთისაგან შესყიდვა წარმოადგენს დიდ საფრთხეს ნატოსათვის და ალიანსის სიძლიერისათვის”, – აღნიშნა მან. CNN-ის ცნობით, პენსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შესაბამისი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება, თუ იარაღს მოსკოვისგან მაინც იყიდის.

მოგვიანებით მაიკ პენსი აღნიშნულ საკითხს “ტვიტერზეც” გამოეხმაურა და თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა:

“თურქეთმა უნდ აირჩიოს. სურს მას დარჩეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის კრიტიკულ პარტნიორად, თუ რისკის ქვეშ დააყენოს ამ ალიანსის უსაფრთხოება უგუნური გადაწყვეტილებებით, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს ალიანსს?”.

თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ ამერიკელ კოლეგას “ტვიტერითვე” უპასუხა და აშშ გააკრიტიკა სირიაში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდე მებრძოლი ქურთი მებრძოლების მხარდაჭერის გამო. ის ქურთულ დაჯგუფებებს ტერორისტებად მოიხსენიებს.

“შეერთებულმა შტატებმა უნდა აირჩიოს: სურს დარჩეს თურქეთის მოკავშირედ, თუ რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი მეგობრობა ტერორისტებთან ძალების გაერთიანებითა და ნატოს მოკავშირის თავდაცვის ძირის გამოთხრით მისი მტრების წინააღმდეგ?” – დაწერა მან.

მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ანკარა უკან დახევას არ აპირებს და რუსეთისგან S 400-ის შეძენა უკვე “შემდგარი შეთანხმებაა”. განცხადება ჩავუშოღლუმ იმავე ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც პენსმა თურქეთი გააფრთხილა.

თურქეთის გადაწყვეტილება ვაშინგტონისა და ანკარის იმ შეთანხმებასაც ემუქრება, რომლის თანახმადაც, თურქეთმა აშშ-სგან  F-35 ტიპის 100 ცალი ავიაგამანადგურებელი უნდა შეიძინოს. 2018 წლის აგვისტოში კონგრესმა შეაჩერა თურქეთისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდება და ამჟამად თურქეთისთვის მხოლოდ ორი F-35 ტიპის გამანადგურებელია მიწოდებული.

აშშ-ის ოფიციალური პირების აზრით, ეს ორი შეთანხმება ერთმანეთთან შეუსაბამოა. CNN ამერიკულ-ევროპული სარდლობის ხელმძღვანელს, კურტის სკაპაროტის ციტირებს, რომელიც თურქეთში რუსული სარაკეტო სისტემისა და აშშ-ის ავიაგამანადგურებლების თანაარსებობას გამორიცხავს. მისი თქმით, ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, უკეთ გააანალიზოს ამერიკული ავიაცია და მისი შესაძლებლობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი