Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილები ისევ გარიყული არიან – ნინო კალანდარიშვილი

4 აპრილი, 2019 • 4495
დევნილები ისევ გარიყული არიან – ნინო კალანდარიშვილი

ბინების გადაცემის მოთხოვნით, თბილისში, “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში დევნილების თვითნებურმა განთავსებამ და შიმშილობის გამოცხადებამ ისევ აქტუალური გახადა ქვეყანაში დევნილი თემის პრობლემები. ამ თემაზე, ნეტგაზეთთან ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე საუბრობს.


“დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში დევნილების აქციების ეპიზოდმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ მხოლოდ დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა არ დგას ქვეყანაში. ვხედავთ, რომ დევნილები ისევ იზოლირებული ჯგუფია დღეს. რას ფიქრობთ ამაზე?

დევნილების თემა ფაქტიურად მივიწყებულია, თუნდაც 2012-2013 წლებთან შედარებით, როდესაც დევნილთა საკითხი თითქოს უფრო აქტუალური იყო. ეს კარგია თუ ცუდია, ალბათ, ცალკე საკითხია. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ამ დავიწყებისა ისაა, რომ გარკვეული კრიტერიუმებით დევნილთა თემი ქართულ საზოგადოებაში უფრო ინტეგრირებულია, ვიდრე მანამდე იყო. თუმცა ინტეგრაცია არ ნიშნავს მხოლოდ ერთი ჯგუფის შეგრძნებას, რომ ინტეგრირებულია. ორივე ჯგუფი, მიმღებიც და მოსულიც, ერთნაირად უნდა აღიქვამდეს ამას.

ღობისა და ლამის მავთულხლართების შემოვლების ბოლო ფაქტმა აჩვენა ეს იზოლირებულობა. ამასთან, ამის გარშემო ვერ დავინახეთ სერიოზული და ხმამაღალი პროტესტი საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმღებ თემს დევნილები ცალკე, მარგინალურ ჯგუფად ჰყავს აღქმული.

თავად “შეჭრის” ფაქტი უარყოფითად არის აღქმული საზოგადოების მხრიდან. ერთ-ერთი არგუმენტი, რატომაც არ იყო ხმამაღალი პროტესტი, ის იყო, რომ საზოგადოებამ “კანონდარღვევას არ დაუჭირა მხარი”.

კომპაქტური დასახლებები, სადაც საცხოვრებლით უზრუნველყოფენ დევნილებს წლების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად ხომ არ უწყობს ხელს მათ გარიყულობას და იზოლირებას? წლების წინ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით კვლევა გქონდათ ჩატარებული ამ თემაზე, სადაც ნათლად გამოჩნდა ეს პრობლემა. როგორ იცვლება დღეს ეს სურათი?

 2011 წელს, როდესაც ფოთში დევნილებისთვის კომპაქტური დასახლება აშენდა – იზოლირებული, საკმაოდ მოშორებული ფოთიდან და, ფაქტიურად, ადამიანებს, რომლებიც იქ დასახლდნენ, სჭირდებოდათ ტრანსპორტი ფოთამდე ჩასასვლელად. სამუშაო ადგილები კი, მოგეხსენებათ, ამ დასახლებაში ვერ იქნებოდა.

როდესაც განსახლების პროცესი დაიწყო, უზარმაზარი აბრა დაკიდეს იქ – “ფოთის დევნილთა დასახლება”, რაც იყო დისკრიმინაციულიც, ანტიინტეგრაციულიც და მათი გარიყვისა და ცალკე ჯგუფად აღქმის ინდიკატორი. სტიგმატიზაციის ეს ფაქტი დევნილთა ქსელმა “სინერგიამ” გააპროტესტა და, როგორც ვიცი, აბრა ჩამოსხნეს, თუმცა კომპაქტური დასახლება დარჩა.

თქვენი აზრით, ვინ და რა უწყობს ხელს ამ გარიყულობას? სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია?

ალბათ, არ არსებობს ერთი მიზეზი, თუ რატომ ხდება ეს. 2010-2011 წლებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო პოლიტიკა იყო, დევნილები განესახლებინა და მოეშორებინა პოლიტიკურად ცხელი წერტილებისგან. როგორც ჩანს, ეს ტენდენციები დღესაც გრძელდება.

2005 წელს, როდესაც დევნილთა ინტეგრაციის დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო, ოთხი მიმართულება გამოიყო – განსახლება, დასაქმება, სამართლებრივი მხარე და სოციალური მიმართულება. ოთხივე მიმართულება თანაბრად და პარალელურად უნდა განვითარებულიყო და დანერგილიყო. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მიმართულება განვითარდა – განსახლება. რა თქმა უნდა, განსახლება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ყველა კომპონენტის გარეშე რთულია ვილაპარაკოთ ინტეგრაციაზეც და პოლიტიკის წარმატებულობაზე –  ადამიანებს განსახლების შემდეგაც სჭირდებათ საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა.

განსახლების გეგმის პროცესში, სასურველი იყო, გათვალისწინებულიყო სწორედ გეოგრაფიული ხელმოსაწვდომობაც, სადაც ადამიანები უფრო თავისუფლად შეძლებდნენ მცირე ბიზნესში ჩართვას, თვითდასაქმებას.

2012 წელს, ჩვენი გამოკითხვის დროს, ფოთის დასახლებაში ქალი ამბობდა, რომ იქვე გახსნილ პატარა მაღაზიაში იმდენი ვალი დაუგროვდა მოსახლეობას, იძულებული გახდა, მაღაზია დაეხურა.

წლების შემდეგ, სავარაუდოდ, უკეთესობისკენ შეიცვალა სიტუაცია, მაგრამ დევნილებს ნაკლები ნდობა აქვთ განსახლების პროცესის სამართლიანობასთან.

რამ შეუწყო ხელი ამ უნდობლობას?

როგორი წარმატებული და მოწესრიგებულიც არ უნდა იყოს განსახლების პროცესი, მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებენ ამ პროცესის სამართლიანობას და ქულების მინიჭების პროცესის სამართლიანობას. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ შენი მეზობელი, რომელიც ზუსტად შენნაირ პირობებშია და შენგან განსხვავებით იღებს სახელმწიფოსგან საცხოვრებელს, ეს ფაქტი გიტოვებს უსამართლობისა და გარდუვალობის განცდას, რომ შენ ვერ მიაღწევ სამართლიანობას.

დამაფიქრებელია დევნილთა სამინისტროს გაუქმებაც და მისი შერწყმა ჯანდაცვის სამინისტროსთან. ინტეგრაციული პროცესებიდან გამომდინარე, თითქოს, ერთი მხრივ, ეს არ იყო ცუდი გადაწყვეტილება, მაგრამ, მეორე მხრივ, უწყების გაუქმება, როგორც ჩანს, მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე აგვარებს.

ახლა რა პრობლემას ქმნის?

თითქოს უფრო შეუწყო ხელი დევნილთა საკითხების მარგინალიზაციას, არა თავად დევნილთა თემის, არამედ დევნილთა საკითხების, რომელიც დღის წესრიგიდან ქრება.

თქვენი დაკვირვებით, როდის ახსენდებათ ხოლმე პოლიტიკურ ელიტებს დევნილები, მათი პრობლემები?

წინასაარჩევნოდ და, როგორც წესი, დევნილი საზოგადოება ყოველთვის მმართველი პარტიის უპირობო მხარდამჭერად აღიქმებოდა.

რატომ?

ეკონომიკურად მძიმე პირობებში მყოფი ადამიანების მორჩილებაში ყოფნა უფრი ადვილია, ვიდრე მათი, ვისაც დამოუკიდებელი საარსებო წყარო გააჩნია.

თუკი საზოგადოების რომელიმე ჯგუფს იმედი აქვს, რომ შენგან რამე სარგებელს  მიიღებს, მაგალითად, არჩევნების პერიოდში ფინანსურ მხარდაჭერას, ის უფრო ლოიალურად იქნება განწყობილი.

სიტუაცია ოდნავ შეიცვალა 2008 წლის არჩევნებისთვის, როდესაც დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებებმა ერთსულოვნად არ დაუჭირა მხარი ხელისუფლებას. თემის გარკვეული ნაწილი საერთოდ არ წავიდა მაშინ არჩევნებზე. დევნილი აქტივისტები ამბობენ, რომ ადამიანებმა არჩევნებზე არმისვლით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ.

დღეს დევნილების თემა პოლიტიკოსებისთვის, არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიებისთვის არ არის მომგებიანი.

ან მაშინ ახსენდებათ დევნილები, როდესაც არასასიამოვნო მომენტები, მაგალითად, შეჭრა ან უბედური შემთხვევები ხდება. წინ მოდის დაჩაგრული, გაუბედურებული, აგრესიული დევნილის სახე და საზოგადოების აღქმებში ჩნდებიან გამწარებული ქალები, რომლებიც რაღაცას ითხოვენ.

მსგავს აქციებზე, განსაკუთრებით, როდესაც პრობლემა საცხოვრებლით უზრუნველყოფას ეხება, რატომ არიან ქალები უფრო აქტიურები?

მთლად ასე არ არის, კაცებიც არიან აქტიური, მაგრამ “შეჭრის” დროს ქალები მოდიან, ასე ვთქვათ, წინა პლანზე იმიტომ, რომ ნაკლებად აქვთ განცდა, რომ მაგალითად, სამართალდამცველი ფიზიკურად გაუსწორდება.

რამდენად არიან დევნილები დღეს ჩართული კონფლქტების მოგვარების პროცესში, თუ ხდება მათი ინტერესების გათვალისწინება მოლაპარაკებათა პროცესებში, მაგალითად, იგივე ჟენევის ფორმატში?

რთულია ამაზე საუბარი. დევნილების თემა ჟენევის დღის წესრიგშიცაა [სხვა საკითხია, რომ არ განიხილება] და გაეროს რეზოლუციებშიც. დევნილები სამშვიდობო სამოქალაქო დიალოგებშიც მონაწილეობენ და სერიოზული სამშვიდობო რესურსი არიან, ამას ყველა კვლევა აჩვენებს. თუმცა სამშვიდობო პროცესში მათი უფრო აქტიურად გამოყენება შეიძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი