აქციაზე დაკავებულ ვახუშტი მენაბდეს “უშვერი სიტყვებით გინებას” ედავებიან

დემონსტრანტს, რომელიც მუშების დასაცავად გამართულ აქციაზე დააკავეს, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და “უშვერი სიტყვებით” გინებას ედავებიან.

“აქციის დროს იგი შეეცადა საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით და არ ემორჩილებოდა … პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება”, — ასეა განმარტებული ადმინისტრაციულ ოქმში დემონსტრანტის, უფლებადამცველი ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ვახუშტი მენაბდის დაკავების მოტივი.

ვახუშტი მენაბდის დაკავების მოტივი

ადმინისტრაციული დაკავების ოქმის გამოქვეყნებისას მენაბდემ, რომელიც ამ მოტივს არ ეთანხმება, დაწერა, რომ სასამართლოზე აუცილებლად მოითხოვს, პოლიციამ მტკიცებულებად წარადგინოს კადრები, რომლებიც მათ სამხრე კამერებით უნდა ჰქონდეთ გადაღებული. “დაბრალებაცაა და დაბრალებაც”, — დაწერა მან.

სასამართლო, სადაც, სავარაუდოდ, გადაწყდება, რა სახდელს დაგვაკისრებენ აქტივისტებს, 3 აპრილს გაიმართება.

მუშების დასაცავად გამართულ აქციაზე, ჯამში, ექვსი ადამიანი დააკავეს. ისინი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებიდან იმ პირობით, რომ სასამართლოში გამოცხადდებოდნენ.

მუშების უფლებების დასაცავად გამართული აქციის დროს პოლიციამ დემონსტრანტები  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით დააკავა (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაკავებულის შესახებ, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აქციაზე ექვსი პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის ვახუშტი მენაბდესთან ერთად იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი დავით სუბელიანი და სხვები.

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები და პოლიცია პირველ აპრილს ჭავჭავაძის გამზირზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის #5-ში, იმ ობიექტის წინ იყვნენ შეკრებილნი, სადაც 31 მარტს ორი მუშა დაიღუპა. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს და ტროტუარისაკენ შეავიწროვეს.

მანამდე აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ, სანამ ადგილზე თბილისის მერი და მთავრობის წევრები არ მივიდოდნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს დროს 23:00-მდე აძლევდნენ.

მოთხოვნას თბილისის მერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კახა კალაძე აქციის მონაწილეებით დაკომპლექტებულ რამდენიმეკაციან ჯგუფთან შესახვედრად მზად იყო. თუმცა დემონსტრანტებმა აღნიშნულ ფორმატზე უარი თქვეს და კალაძის სახლთან გადაინაცვლეს, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქტივისტები დააკავა, დემონსტრანტები პოლიციის შენობასთან მივიდნენ. აქცია გვიან ღამით დასრულდა, თუმცა მონაწილეებმა სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com