ახალი ამბები

ნოდია ნატოზე გაკეთებული განცხადებისთვის სააკაშვილის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს

3 აპრილი, 2019 • 1923
ნოდია ნატოზე გაკეთებული განცხადებისთვის სააკაშვილის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს

პოლიტოლოგი გია ნოდია უსაფუძვლოს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას ნატოსთან დაკავშირებული განცხადების გამო.

გუშინ, 2 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთს შესთავაზა, ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების დაბრუნების სანაცვლოდ. სააკაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში მთავარი  ქვეყნის ინტერესებია.

ნოდია წერს, რომ თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებას ნატოზე უარის თქმის სანაცვლოდ რეალურად მოითხოვს, საქართველოს ყველა ლიდერი ვალდებული იქნება, ეს შეთავაზება მიიღოს. 

“მიხეილ სააკაშვილის მორიგი ინტერვიუ არ მინახავს და მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ შევამჩნიე მისი კრიტიკა იმის გამო, რომ პრინციპში მზად ყოფილა, ნატოს წევრობაზე უარი ეთქვა, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გადაუწყვეტდა (ეს ადრეც უთქვამს, არაფერი ახალი ამაში არაა). კრიტიკოსების აზრით, ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ არის პრინციპული საქართველოს პროდასავლური კურსის დაცვის საკითხში და საერთოდ, „ბურჯანაძე და ინაშვილი, აბა, სხვა რას ამბობენ“.

ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად სულელური და არაკომპეტენტური. რომ არსებობდეს რუსეთთან ასეთი გარიგების რეალისტური შესაძლებლობა, საქართველოს ნებისმიერი ლიდერი ვალდებული იქნებოდა, ამაზე წასულიყო. ნატოში წევრობა არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, ის რაღაცისთვის გვჭირდება. თუ რუსეთთან ამგვარი გარიგებით საქართველოს უსაფრთხოება უკეთესად იქნება დაცული, მასზე უნდა წახვიდე.

ამგვარი ჰიპოთეტური გარიგება არც საქართველოს პროდასავლურ კურსთან შევიდოდა წინააღმდეგობაში. შვედეთი, ფინეთი, ავსტრია საკმარისად დასავლური ქვეყნები არ არიან (ნატოში არცერთი არაა)? შვედეთი, პოლონეთთან ერთად, ძირითადი სპონსორი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პატრნიორობის პროგრამისა, რასაც რუსეთი (არსებითად სამართლიანად) მის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს. პროდასავლური კურსის მთავარი ღირებულებაა, რომ განვვითარდეთ, გვქონდეს უსაფრთხო გარემო და დასავლური სტილის დემოკრატიული (და ლიბერალური) წესრიგი,” – წერს ნოდია.

გია ნოდის თქმით, რეალურად, რუსეთის ფედერაციასთან ამგვარი გარიგების მიღწევა შეუძლებელია, ხოლო ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საზოგადოების დარწმუნებას ცდილობენ, თითქოს ნატოზე უარის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდება, იტყუებიან.

“ბურჯანაძის, ინაშვილის და კამპანიის პრობლემა ისაა, რომ ისინი იტყუებიან (მგონია რომ სრულიად შეგნებულად), თითქოს ასეთი გარიგება შესაძლებელია. ანუ მათ უნდათ, რუსეთის ორბიტაში მოტყუებით შეგვიყვანონ. სინამდვილეში, ამგვარი გარიგება ფანტასტიკის სფეროა (იმედი მაქვს, ნორმალურ ადამიანს არ გჭირდებათ დასაბუთება, რატომ). აფხაზეთის და ცხინვალირ რეგიონის დაბრუნების შანსები მოხილვად მომავალში, სამწუხაროდ, მინიმალურია, მაგრამ თუნდაც თეორიული შანსის შენარჩუნებისთვის ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება (იდეალში – მათი წევრობა) გაცილებით ჯობია რუსეთზე ორიენტაციას. ის კიდევ უფრო წაადგება საქართველოს (იმ ოკუპირებული 20 პროცენტის გარეშე) უსაფრთოხებას და განვითარებას. რუსეთზე ორიენტაცია ყველა მიმართებით ჭაობია.

მიშა რასაც ამბობს, რომ პუტინთან საუბარში, ფაქტობრივად, გადაამოწმა ეს ჰიპოთეზა: აბა, რაზეა წამომსვლელი პუტინი, თუ საქართველო (ჰიპოთეტურად) ნატოს წევრობის პერსპექტივაზე უარს იტყოდა. პასუხი იყო: რაც არაფერს. ანუ, მიშამ ემპირიულად გადაამოწმა, რომ ქართველი რუსოფილების ძირითადი იდეა (ტერიტორიები ნატოს ნაცვლად) არის ზღაპარი. რა არის ამაში არასწორი?” – წერს ნოდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი