ახალი ამბები

11 ევროპარლამენტარი პრემიერს კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

3 აპრილი, 2019 • 1232
11 ევროპარლამენტარი პრემიერს კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის ექვსი პარტიის თერთმეტმა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მისწერა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის მასწავლებლის, ია კერზაიას საქმის დაუყოვნებლი გამოძიებას ელოდებიან.

“ველით დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას პოლიტიკური ზეწოლის საქმეზე, რომელიც ეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს, ქ-ნ ია კერზაიას, რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება 2018 წლის 9 დეკემბერს”, — სწერენ ბახტაძეს ევროპარლამენტარები.

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, ჩატარებულ ინსპექცია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, რასაც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”. ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე 2019 წლის 26 მარტს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერს სწერენ: “გულწრფელად გვჯერა, რომ … საქართველოს საუკეთესო ინტერესებისა და მისი დემოკრატიული მომავლისთვის ქ-ნი კერზაიას საქმე სრულად და დროულად იქნება გამოძიებული ქვეყნის პროკურატურისა და სასამართლო ორგანოების მიერ და დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს სკოლების ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია და თავი შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი მექანიზმის გამოყენებისგან”.

“ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იმას, რომ არცერთი საჯარო მოხელე აღარ გახდეს არანაირი ზეწოლის მსხვერპლი მომავალი საარჩევნო კამპანიისას და, ვფიქრობთ, ამ თვალსაზრისით ქ-ნ კერზაიას საქმესთან დაკავშირებული გარემოებებისთვის ნათელის მოფენა უაღრესად მნიშვნელოვანია”.

წერილის ავტორები არიან ევროპარლამენტარები: ანა გომესი (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens, EFA), ნატალი გრისბეკი (ALDE), ჯული უორდი (S&D), ალინ სმითი (Greens, EFA), ტანია გონსალეს პენია (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია (EPP), ჟან ლამბერტი (Greens, EFA).

ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინისაც გაუგზავნეს წერილი კერზაიას საქმის შესახებ. წერილით ასევე ითხოვენ, რომ მოგერინიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საშუალებით, უბიძგონ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ დიალოგში ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმის საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი