ახალი ამბები

2020 წლის არჩევნები დიდი ტესტი იქნება – ევროკავშირის ელჩი

3 აპრილი, 2019 • 2239
2020 წლის არჩევნები დიდი ტესტი იქნება – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი ტესტი იქნება და საჭიროა, ის საარჩევნო გარემო, როგორიც იყო საპრეზიდენტო არჩევნებისას, პოზიტიურისკენ შეიცვალოს.

საქართველოში არსებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე, პოლარიზაციის გამოწვევებზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე და მედიის როლზე ამ პროცესში, ასევე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ისაუბრა “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე “პოლარიზაციის ხაფანგი: საქართველოს დემოკრატია ნდობის კრიზისისა და პოპულიზმის ზრდის ზღვარზე”.

“დემოკრატია მარტო არჩევნები არ არის,  მაგრამ არჩევნები არის საჩვენებელი პერიოდი, როდესაც მსოფლიოს მზერა მიმართულია კონკრეტული ქვეყნისკენ, რათა განსაჯოს დემოკრატიის ხარისხი და ტრაექტორია.  ნათელია, რომ დასკვნები ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გულდასაწყვეტი იყო. ამის გამო უფრო მნიშვნელოვანი ხდება, 2020 წლის არჩევნები წარმოადგენდეს არა ამ მოკლევადიანი ტრაექტორიის გაგრძელებას და ტრენდად დამკვიდრებას, არამედ ყველას ინტერესია, რომ საარჩევნო გარემო, რომელიც გასულ წელს ვნახეთ, შეიცვალოს პოზიტიური მიმართულებით”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის შეფასებით, საარჩევნო კამპანია საქართველოში პოლარიზებული და ნაკლებად შინაარსობრივია.

“ვნახოთ, რა დისკუსია გვექნება საპარლამენტო არჩევნებისას, მაგრამ არის რისკი, რომ ჩვენ ისევ ვნახავთ  გაგრძელებას იმ სახის პოზიციონირების, რომელიც ნაკლებად საგნობრივია და უფრო მეტად ტრიალებს პერსონალიების ირგვლივ; ნაკლებად არის ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგის წარდგენაზე და მეტად –  ოპონენტის კრიტიკაზე; გულიბრყვილობა იქნება, ვუკარნახოთ პოლიტიკოსებს, როგორ აწარმოონ საარჩევნო კამპანია. იმიტომ, რომ არის ელექტროატი, რომელსაც ამ ტიპის დებატები აინტერესებს და მხარს უჭერს. როცა ელექტროატი მოითხოვს მეტს, ვიდრე ნეგატიურ კამპანიას, პოლიტიკოსები შეცვლიან სტრატეგიას”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კარლ ჰარცელის თქმით, ელექტორატსა და პოლიტოსებს შორის შუამავალი რგოლია მედია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პოლიტიკოსებს მარტივად აძლევდა საშუალებას, მათი მეგაფონი ყოფილიყო. ნაცვლად ამისა, ევროკავშირის თქმით, მედიამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პოლიტიკოსების არგუმენტებისა და ფაქტების გადამოწმებას, დაბალანსებას და საგამოძიებო ჟურნალისტიკას.

მართლმსაჯულების რეფორმა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა

დემოკრატიის განვითარებაზე საუბრისას ევროკავშირის ელჩმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტაღლა უახლოეს პერიოდში და ეფექტურად განხორციელდება.

“ეს საკითხი გარკვეულწილად დაკავშირებულია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან. ჩვენ ვნახეთ, რომ ახალ წლამდე დაწყებულმა პროცესმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც პოლიტიკურ სივრცეში, ასევე, უფრო ფართო საზოგადოებრივ წრეებში. მოსახლეობის ნდობა სასამართლოსადმი არის ფუნდამენტი ნებისმიერი საზოგადოების. საჭიროა, მოსამართლეთა არჩევა გამჭვირვალე პროცესით წარიმართოს, იყოს ნათელი და ვრცელი კრიტერიუმები აპლიკანტებისთვის. ვიმედოვნებ, ამ პროცესში გამჭვირვალობის  იმ  დონეს ვნახავთ, რომ ბოლოს ყველას შეგვეძლება ვთქვათ, რა გზით იქნენ ეს მოსამართლეები არჩეული”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი