დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55.2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს.
კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10% არის პოლიტიკური პარტიების საქმიანობით სრულად კმაყოფილი, ხოლო 46.3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო.
ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა. კითხვაზე – ხმის მიცემისას უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა თუ ლიდერების ვინაობა – მოსახლოების 38.5% პირველს ასახელებს, ხოლო 45,8% მეორეს.
კითხვაზე – რა კრიტერიუმით ირჩევენ პარტიები, ვინ წამოაყენონ კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე – მოსახლეობა ასე პასუხობს:
- არ ვიცი/უარი პასუხზე: 20.8%;
- პროფესიონალიზმით: 24.1%;
- საზოგადოებაში ცნობადობით: 17.1%;
- პატიოსნებით: 6.6%;
- პირადი კავშირების პარტიის ლიდერებთან: 18.7%;
- ფულით: 12.4%;
- სხვა: 0.3%.
მოსახლეობის 60.7% მიიჩნევს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე ქალს. მოსახლეობის მხოლოდ 17% მოუწონებდა ქალიშვილს, პოლიტიკაში წასულიყო.
საქართველოს მოსახლეობის 52% სრულად ეთანხმება, ხოლო 35% ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიტიკაში ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან.
კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და,შესაძლოა არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.