ახალი ამბები

80.1%-ის აზრით, კარგი განათლებისთვის კარგი ფინანსური მდგომარეობა აუცილებელია – CRRC

3 აპრილი, 2019 • 1319
80.1%-ის აზრით, კარგი განათლებისთვის კარგი ფინანსური მდგომარეობა აუცილებელია – CRRC

საქართველოს მოსახლეობის 80.1%-ის მოსაზრებით, კარგი განათლების მისაღებად კარგი ფინანსური მდგომარეობა აუცილებელია. დაახლოებით იგივე რაოდენობა (78.8%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ კარგი განათლების მისაღებად საჭიროა ნიჭიც.

საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მონაცემები დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში

წყარო: CRRC

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 31.6% ამბობს, რომ მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო 36.8%-ის თქმით, მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური სრული საშუალო განათლებაა. 

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, გამოკითხვის შედეგები ასევე აჩვენებს რეგიონულ უთანასწორობას უმაღლესი განათლების მხრივ: საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 24% ამბობს, რომ უმაღლესი განათლების დიპლომს ფლობს, მაშინ როცა იმავე კითხვაზე დადებითად თბილისის მოსახლოების 50.2% პასუხობს. 

მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0.5%-ს აქვს სამეცნიერო ხარისხი.

მოსახლეობის 58.9% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში წარმატების მისაღწევად აუცილებელია კარგი განათლება. კითხვაზე – დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით – მოსახლოების 68.8 პროცენტი პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს. 

კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა  არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი