ახალი ამბები

პატრიარქს სრულად ენდობა მოსახლეობის 66.3%, საპატრიარქოს – 27.7% – CRRC-ის კვლევა

3 აპრილი, 2019 • 3579
პატრიარქს სრულად ენდობა მოსახლეობის 66.3%, საპატრიარქოს – 27.7% – CRRC-ის კვლევა

საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მონაცემებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ენდობა, ვიდრე საპატრიარქოს. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში. კვლევის შედეგები დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, პატრიარქს სრულად ენდობა მოსახლეობის 66.3%, ხოლო საპატრიარქოს – 27.7%. ცხრილში მოცემულია მონაცემები კითხვაზე, რამდენად ენდობით:

წყარო: CRRC

კითხვაზე – რომელ რელიგიას ან აღმსარებლობას მიაკუთვნებთ თავს – საქართველოს მოსახლეობის 82.5% პასუხობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას. თბილისის მოსახლეობის 93.4%, ხოლო საქართველოს რეგიონების მოსახლეობის 78% მიაკუთვნებს თავს ამ რელიგიას.

მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ყველაზე მეტი აღმსარებელი სომხურ სამოციქულო ეკლესიას (მოსახლეობის 5.9%) და სუნიტურ ისლამს (მოსახლეობის 3.4%) ჰყავს.

რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ მოსახლეობის 11.7%, ხოლო თვეში ერთხელ – 17.9% ესწრება. მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულების დროს რელიგიურ მსახურებას მოსახლეობის 26.7% სტუმრობს.

გამოკითხვის ფარგლებში დაისვა კითხვები, თუ როგორ ხსნიან მოქალაქეები საკუთარ რელიგიურობას:

  • მოსახლეობის 78% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესია უსმენს ჩემნაირ ადამიანებს“;
  • მოსახლეობის 77.3% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესიაში ვხვდები ჩემნაირ ადამიანებს“;
  • მოსახლეობის 79.6% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესიაში დაცულად ვგრძნობ თავს“;
  • მოსახლეობის 69.3% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ეკლესია გასაჭირის დროს გვერდით მიდგას“;
  • მოსახლეობის 71.2% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ჩემ გარშემო ყველა მორწმუნეა“;
  • მოსახლეობის 58.3% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ჩემ გარშემო ყველა ეკლესიაში დადის“;
  • მოსახლეობის 76% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ მუდმივად ცვალებად გარემოში ეკლესია ერთადერთი უცვლელი და მყარი დასაყრდენია“.

კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი