ახალი ამბები

საქართველოში კვლავ მაღალია პატიმრების რაოდენობა მოსახლეობასთან შეფარდებით

2 აპრილი, 2019 • 2687
საქართველოში კვლავ მაღალია პატიმრების რაოდენობა მოსახლეობასთან შეფარდებით

2 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რუსეთის შემდეგ საქართველო მეორე ადგილზეა პატიმრების რაოდენობით მოსახლეობასთან შეფარდებით.

ევროპის საბჭომ  დღეს გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში წევრი ქვეყნების ციხეებთან დაკავშირებით.  ანგარიშის მიხედვით, რუსეთში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 418.3 პატიმარი მოდის. პატიმრების მრავალრიცხოვნობით რუსეთს საქართველო მოსდევს – ყოველ 100 ათას მოსახლეზე 252.2 პატიმრით- და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანსაც კი უსწრებს.

ანგარიშის მიხედვით, 2008 – 2018 წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად, 43.3 % -ით შემცირდა პატიმრების რაოდენობა მოსახლეობასთან შედარებით, თუმცა ის კვლავ მაღალია. მაგალითად, მოლდოვაში პატიმრების რიცხვი 215.2-ია [100 ათას მოსახლეზე], ესტონეთში- 191.4, პოლონეთში -194.4.

2018 წელს საქართველოში პატიმრების რაოდენობა 9407 -ია, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც 2016 წელს იყი [ 9,534].

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში უცხოელი პატიმრების რაოდენობა 35 %-ით გაიზარდა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ციხეები გამორჩეულია ქალი პატიმრების სიმცირით – თუ ევროპის საშუალო მაჩვენებელი 5%-ია, საქართველოში ქალი პატიმრების რაოდენობა 2.9% -ს შეადგენს, იმდენივეს, რამდენსაც აზერბაიჯანში.

რაც შეეხება სიკვდილიანობას ციხეებში, ანგარიშის თანახმად, ყოველ 10 ათას პატიმარზე საქართველოში 10.6  გარდაცვალება მოდის.

ერთ პატიმარზე დღეში ყველაზე ცოტას ხარჯავს რუსეთი [2.5 EUR], საქართველო -11,7 ევროს, ევროპის საშუალო მაჩვენებელი დღეში კი 66.5 ევროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი