ახალი ამბებისაზოგადოება

რა ვიცით მუშაობისას დაღუპულ 25 წლის ბიჭსა და მშენებლობაზე

2 აპრილი, 2019 • 3105
რა ვიცით მუშაობისას დაღუპულ 25 წლის ბიჭსა და მშენებლობაზე

“ვაკეში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა” — ვინ და რა ისტორიები იმალება ამ სიტყვებს უკან? რამ გამოიწვია მათი სიკვდილი? შეიძლებოდა თუ არა შენობის საძირკვლის გამაგრებისას მიწის ჩამოშლისგან თავის არიდება? დაეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა დამსაქმებელს?

[yellow_box]მაღაროელების ოჯახი[/yellow_box]

ძმები, 25 და 23 წლის დათო და გაგა აბესაძეები თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, ვაკეში მშენებლობაზე მუშაობდნენ. ჭიათურაში, მაღაროელების ოჯახში დაბადებულები, დედაქალაქს გარეთ მცხოვრები ათასობით ადამიანის მსგავსად, თბილისში სამუშაოდ იყვნენ გადმოსულები.

აბესაძეების მამა ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელ კომპანიაში, “ჯორჯიან მანგანეზში”, უფრო ზუსტად — მანგანუმის გამრეცხავ ერთ-ერთ ქარხანაში (ცოფ-ში) მუშაობდა, თუმცა ფიზიკური მდგომარეობის გამო იგი იძულებული გამხდარა, მუშაობისთვის დავი დაენებებინა; დედაც იმავე კომპანიაში მუშაობს საკაბელო მანქანების სიგნალისტად; აბესაძეებს ოთხი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ერთ-ერთიც, მამის მსგავსად, მაღაროელია.

ჭიათურა. ფოტო: მარიამ ნიკურაძე

კვირას, 31 მარტს, საღამოს 6-7 საათისთვის, როდესაც დათო აბესაძე თანამშრომელთან, 40 წლის ედუარდ ვარიშოვთან ერთად შენობის საძირველში, რამდენიმე მეტრის სიღრმეზე იყო ჩასული, მიწის მასა ჩამოიშალა და ორივე მათგანი ქვეშ მოიყოლა. დათოს ცხედარი დაახლოებით ერთ საათში იპოვეს, მეორისა კი თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ ამოასვენეს.

გაივლის დრო და დათო აბესაძე და ედუარდ ვარიშოვი სტატისტიკის ნაწილად იქცევიან, რომელიც ამბობს, რომ 2011-2018 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად 376 ადამიანი დაიღუპა და 1081 დაშავდა. უშუალოდ 2018 წელს ამგვარად 199 ადამიანი დაშავდა და 59 დაიღუპა. იმავე წელს გამოძიება წარმოებაში მომხდარ 224 შემთხვევაზე დაიწყო:

ჯერჯერობით 2019 წლის ოფიციალური მონაცემები უცნობია, თუმცა, ნეტგაზეთის ინფორმაციით, სულ მცირე, 6 ადამიანია დაღუპული.

[წაიკითხეთ ამ თემაზე: მუშები ისევ იღუპებიან — რატომ ვერ მუშაობს სისტემა]

უშუალოდ აბესაძისა და ვარიშოვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

[blue_box]დამსაქმებლები[/blue_box]

მშენებლობაში 3 კომპანია ფიგურირებს: შენობის მფლობელი “ლეჩკომბინატი”, სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენი” და მისი ქვეკონტრაქტორი — “ხიმიჯ სერვისი”.

“ლეჩკომბინატია” კომპანია, რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს მშენებლობა, ანუ შენობა მათ ეკუთვნით. კომპანიის სრული სახელია “შპს ლეჩკომბინატი #1”, ყოფილი “შპს დილა 2010”. კომპანიამ ჭავჭავაძის #5-ში შენობა 2010 წელს 7.3 მილიონ აშშ დოლარად იყიდა სახელმწიფოსგან პრივატიზაციის პოლიტიკის ფარგლებში. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ლეჩკომბინატს ორი მფლობელი ჰყავს: 75%-იანი წილის მფლობელია რუსეთის მოქალაქე რუსუდან მახაშვილი, 25%-იანი წილის მფლობელი კი- ნიკოლაი სარქისოვი.

სააქციო საზოგადოება “ტრანსმშენი”, რომელიც “ლეჩკომბინატს” ჰყავს დაქირავებული, სამშენებლო კომპანიაა. მისი გენერალური დირექტორია მოქალაქე უჩა გელაშვილი. კომპანიის აქციების მფლობელ(ებ)ი რეესტრში არ ფიქსირდება.

“ტრანსმშენმა” პირველ აპრილს მომხდარზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და განაცხადა, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება მათ მიერ საძირკვლის გასამაგრებლად დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა; ეს ქვეკონტრაქტორი კომპანია არის “ხიმიჯ სერვის 2”.

[blue_box]რამ ჩამოშალა მიწა?[/blue_box]

ნიკა კაკაშვილი, გაერთიანებული პროფკავშირის შრომის ინსპექტორ,ი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოებისას თხრილის კედლების სპეციალური, წერტილოვანი გამაგრებაა საჭირო, რათა მიწა არ დაიძრას.

მისივე განმარტებით, მიწის მასის ჩამოშლის ორი შესაძლო მიზეზი არსებობს: მიწის ქანების მოძრაობა (მეწყერი, ა.შ), რაც უბედური შემთხვევას ნიშნავს, ან თხრილის კედლების არასათანადო გამაგრება.

ნეტგაზეთთან საუბარში ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ წეროძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ბუნებრივ მოვლენას, რამაც მიწის მასის ჩამოშლა შეეძლო, ადგილი არ ჰქონია.

პროფკავშირების წარმომადგენლის, ნიკა კაკაშვილის ვარაუდით, თუკი გამოირიცხება, რომ ამას ადგილი არ ჰქონია, მაშინ შემთხვევის მხოლოდ შემდეგნაირად ახსნის შესაძლებლობა რჩება — კედლები არ იყო სათანადოდ გამაგრებული.

“ხიმიჯ სერვისის” დირექტორი ოთარ ცნობილაძე, რომელიც მუშების სიკვდილს “უბედურ შემთხვევას” უწოდებს, რუსთავი2-თან ინტერვიუში ამბობს: “15 წლის გამოცდილება მაქვს. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, არ შემხვედრია ჯერ. პირველი შემთხვევა იყო. ყველაფერი დაცული იყო, უსაფრთხოება, ყველაფერი”.

როგორც ნიკა კაკაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ვარაუდობს, “[კედლები] სათანადოდ არ ყოფილა გამაგრებული, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთოხების წესები იყო დარღვეული”. თუმცა ამაზე საბოლოოდ პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს — საკითხს ჯერ კიდევ იძიებენ.

[red_box]სანქციები[/red_box]

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ, “ნეტგაზეთს” განუცხადა:

  • “ლეჩკომბინატს” ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერეს;
  • “ტრანსმშენს”, რომლის წარმომადგენლებმაც, ბექა ფერაძის თქმით, შრომის ინსპექციის თანამშრომლებს მშენებლობის ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ შესვლა შეუზღუდეს, ამის გამო 7 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს;
  • ქვეკონტრაქტორ კომპანია “ხიმიჯმშენს” კი, რომელსაც, ფერაძის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობათ რეესტრში რეგისტრაცია გავლილი არ ჰქონდა, 1 000 ლარის გადახდა დააკისრეს;

ბექა ფერაძის თქმით, ეს მხოლოდ პირველადი სანქციებია და საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება. კითხვაზე, იკვეთება თუ არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ნაწილში, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი პასუხობს, რომ აღნიშნულის გამორკვევა გამოძიების პრეროგატივაა. თუმცა ბექა ფერაძე ასევე განმარტავს:

“შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინაციის ვალდებულება სამივე კომპანიას აქვს”.


გაეცანით სტატიას ნეტგაზეთის არქივიდან სახელმწიფოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ :

მუშები ისევ იღუპებიან – რატომ ვერ მუშაობს სისტემა

შესწორება: მასალა განახლდა 2 აპრილს, 21:50 საათზე — სტატიის პირვანდელ ვერსიაში არასწორად გვქონდა მითითებული ილიაუნის სეისმური ცენტრის წარმომადგენლის, მიხეილ წეროძის გვარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი