ახალი ამბები

ორგანიზატორები პოლიტიკოსები არ ყოფილან — დემონსტრანტების პასუხი კალაძეს

2 აპრილი, 2019 • 1007
ორგანიზატორები პოლიტიკოსები არ ყოფილან — დემონსტრანტების პასუხი კალაძეს

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერების მოთხოვნით პირველ აპრილს ჩატარებული აქციის საორგანიზაციო ჯგუფი კახი კალაძეს ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები პოლიტიკოსები არ ყოფილან, კალაძე კი ამ ბრალდებით “ცდილობს, გადაფაროს ის შინაარსი და საფუძველი, რომელიც რეალურად ჰქონდა აქციას”.

კახი კალაძემ დემონსტრაციის შესახებ განაცხადა: “ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ყველაფერს”; “იქ ისეთი რამოდენიმე სახე დავინახე, რომ ჩემთვისაც ცხადი გახდა ყველაფერი… ყველაფერი გასაგები იყო”.

“სოლიდარობის ქსელი”, — ჯგუფი, რომელმაც ორგანიზება გაუწია აქციას, აცხადებს: “აქცია ორგანიზებული იყო დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, “სოლიდარობის ქსელის” მიერ. შესაბამისად, განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში არსებულ მომაკვდინებელ სამუშაო პირობებს, პირველ რიგში, სწორედ დასაქმებულები აპროტესტებდნენ. ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიან საფრთხის ქვეშ სამუშაო ადგილებზე და რომლებიც მინიმალური ანაზღაურების ნაცვლად, ფაქტობრივად, სწირავენ სიცოცხლეს”.

“აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები. მართალია, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ჯგუფმა სცადა არსებული პროტესტის საკუთარი პოპულისტური მიზნების განხორციელების პლატფორმად გამოყენება, თუმცა ჩვენ, სოლიდარობის ქსელმა, აღნიშნული არ დავუშვით და არც შემდგომში დავუშვებთ”, — წერია განცხადებაში.

“სოლიდარობის ქსელის” თანახმად, “მერის განცხადება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ იგი და მასთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეგნებულად, სხვადასხვა მიზეზის გამოგონებით თავს არიდებენ მშრომელებთან პირდაპირ შეხვედრასა და შინაარსობრივ მსჯელობას არსებულ პრობლემებზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი