ახალი ამბები

ვნატრობ, მალე დავბერდე და პენსია ავიღო – ზეპირი ისტორია [ვიდეო]

2 აპრილი, 2019 • 2633
ვნატრობ, მალე დავბერდე და პენსია ავიღო – ზეპირი ისტორია [ვიდეო]

“გუშინ მეზობელმა მომცა 10 ლარი. ასე ყოველთვის ვიღაცის იმედზე როგორ ვიყო?!”, – ამბობს 57 წლის ელისო აფხაზავა, რომელიც სოციალური დახმარებას დროებით ვერ იღებს.

როგორ ცხოვრობენ საქართველოში ადამიანები უკიდურესი სიღარიბის პირობებში? გაეცანით ელისო აფხაზავას ისტორიას:

2004 წელს რუსეთიდან დეპორტით გამოგვიშვეს. საქართველოში ჩემს შვილებთან – ლაშასთან და გიორგისთან ერთად ჩამოვედი. გზაში ძალიან ცუდი პირობები იყო, მით უმეტეს, გიორგისთან ერთად მოვდიოდით, რომელსაც დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს. მეორე შვილს – ლაშას, ნეფრიტი აქვს, დიალიზზეა.

უკრაინაში იყო წასული, ფიქრობდა, ვიმუშავებ და ვალს გადავიხდიო. ავად გახდა მშენებლობაზე. ტუბერკულოზი გაუჩნდა, თირკმლებიც გაუცივდა – ორივე თირკმელი გაუჩერდა და ჩამოვიდა დასიებული. 15 დღის სიცოცხლით გამოუშვა იქაურმა ექიმმა. მკურნალობა დავიწყეთ და სიცოცხლე შევუნარჩუნეთ.

თირკმლის გადანერგვა სჭირდება. გადანერგვა ისეთი ფასი ღირს, ვერც ვიოცნებებ. საზღვარგარეთ წასაყვანად 100 ათასი ევრო უნდა. ჩემი რომც შეესაბამოს და გადავუნერგო,  გიორგის რა ვუყო? ახალგაზრდა ბიჭია, 33 წლის…

ოთახი, სადაც ვცხოვრობთ, 18 კვადრატია, აქ ვცხოვრობთ სამივე. მუნიციპალიტეტმა შემოგვიშვა, გვპირდებიან, საკუთრებაში გადმოგცემთო.

თბილისში რომ ჩამოვედით, ჯანდაცვის სამინისტროში მივედი. მკითხეს, სოციალური დახმარება თუ გაქვთო. დავიბენი, რა იყო სოციალური დახმარება, არ ვიცოდი.

პენსია და სოციალური დახმარება მიზერულია. გაუსაძლისი პირობები გვაქვს.

მეუღლე დამეღუპა, მის ამოწერას კი სამი თვე უნდა [ამის გამო შეწყვეტილი გვაქვს სოციალური დახმარება]. მაგრამ ამ სამ თვეს როგორ ვიარსებებთ, არ ვიცი. სოციალური დახმარება რომ შეგვიჩერეს, კომუნალურების დავალიანება დაგვიგროვდა. ჩემი ქმარი რომ გარდაიცვალა, ერთი კვირა მაცივარი გვქონდა ჩართული, რაშიც გვესვენა და 300 ლარს გავცდით…

მეუღლე 3 თვეა, რაც გარდაიცვალა. სოციალურ დახმარებას ოთხივე ვიღებდით. რატომ შეგვიჩერეს, ვერ გავიგე, მოკვდა კაცი, ამოწერე. საერთოდ ასე ხდება, გადამოწმებაზე როცა მოდიან, ამის გამო 3-4 თვე გვიჩერდება დახმარება. მერე ერთად იღებ, მაგრამ იქამდე როგორ მივიდე?! ერთი სული მაქვს, 20 რიცხვი როდის მოვა. ახლა ყველამ აიღო სოციალური დახმარება, ვნატრობდი, მეც მქონდეს, წავიდოდი, კომუნალურების გადავადებას მაინც გავაკეთებდი ან ბავშვს რაღაცას ვუყიდდი. გუშინ მეზობელმა მომცა 10 ლარი. ასე ყოველთვის ვიღაცის იმედზე როგორ ვიყო?!

ახლა შუქზე მომივიდა გაფრთხილება, სასამართლოში გადავცემთ, თუ არ დაფარავთო. საიდან? როგორ? რითი? პენსია ბავშვს არ ჰყოფნის წამალზე.

პამპერსი ოცნებად გვექცა, დამავიწყდა, ბოლოს როდის გვქონდა. ერთი პამპერსი 1.2 ლარი ღირს და გიორგის დღეში 2-3 მაინც სჭირდება. დღეში 5-6-ჯერ ვუცვლი. გასული წლის ნოემბერში გამგეობაში დავწერე განცხადება პამპერსზე, უარი მომივიდა, არ დამიფინანსეს.

კარგი, ვთქვათ, ავადმყოფი ბავშვი მყავს და სოციალური დახმარება არ მყოფნის, მაგრამ მეზობელი მარტოხელა ქალია… მეცოდება, იმ დონემდე უჭირთ.

ავადმყოფ ბავშვს ხილს ვერ ვაჭმევ, გუშინ 2 ლარის ვაშლი ვუყიდე. გიორგის დღეს ეყოფა. კვირაში ერთხელ ხომ მაინც უნდა აჭამო რამე ხილი, მით უმეტეს, ზამთარში? ჩვენთვის ესეც საოცნებოა.

საჭმელი უფასო სასადილოდან მომაქვს. ერთ სულზე  გათვალისწინებულია ნახევარი პური. სამი ადამიანისთვის პურ-ნახევარს გვაძლევენ. ეს გვატანინებს თავს, ესეც რომ არ იყოს, არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ერთი პური რომ იყოს ერთ სულზე, ხომ შეიძლება?! პურ-ნახევარი მარტო გიორგის არ ჰყოფნის დღეში.

დღეს გიორგიმ სასადილოდან მოტანილი “გაროხის” სუპი არ ჭამა. იმ სუპით მე და ჩემი შვილი უნდა გავიდეთ, ამას კარტოფილი შევუწვი. მეზობლებიც გვიწყობენ ხოლმე საჭმელს.

გიორგის პენსია აქვს 200 ლარი, ამით ვყიდულობ წამლებს. წამალი ერთი დღეც რომ არ დავალევინო, კრუნჩხვებში ვარდება.

მე ასთმა მაქვს, კვირაში ერთი აეროზოლი მჭირდება. მის გარეშე არ შემიძლია. 9 ლარი ღირს. 140 ლარს მარტო წამლებში ვიხდით.. წამლების გარდა, გიორგის ხან სველი ხელსახოცი სჭირდება, ხან ყურის წამალი… რაც რჩება იმ 200 ლარიდან, ზეთს, კარტოფილსა და ხახვს ვყიდულობ. ზოგჯერ საჭმელი სახლშიც რომ გავაკეთო.

180 ლარი გვექნება სოციალური დახმარება, ჩემი მეუღლის გამოკლებით. შემწეობის გარდა, მე და ლაშა პენსიასაც ვიღებთ 100-100 ლარს. ჩემს პენსიას მთლიანად სესხში ვიხდი. ლაშა დიალიზზე დილით 5 საათზე მიდის, მაგ დროს არც ავტობუსი დადის და არც „მარშუტკა“. ამიტომ ლაშა თითქმის მთლიან პენსიას გზაში ხარჯავს.

გიორგის პენსიასთან ერთად, რეალურად, თვეში ჩვენი შემოსავალი 380 ლარია. თუ ვინმეს შეუძლია ამ ფულის ისე განაწილება, რომ ერთი თვე გვეყოს, ნეტა დამიწერდეს და მომცემდეს.

მრცხვენია უკვე ჩემს პრობლემებზე საუბარი. ვთქვი, მივალ გამგეობაში და ავუხსნი, რა მდგომარეობაც მაქვს, ამისიც მერიდება. ვნატრობ, მალე დავბერდე და პენსია ავიღო. სამი წელი მაკლია საპენსიო ასაკამდე. ქალი რომ სიბერეს ნატრობდეს, წარმოგიდგენიათ?! ის 100 ლარი რომ დამემატოს, მინდა 60 წლის მალე გავხდე.

ლაშა ვერ მუშაობს, დიალიზიდან რომ მოდის ერთი საათი, ზოგჯერ მეტი, წნევის დარეგულირებისთვის უნდა. სად იმუშავებს?! მიდის დილის 5 საათზე და 12- ზე ბრუნდება. თან ფიზიკურადაც არ შეუძლია – მარჯვენა ხელზე აპარატი აქვს, იმ ხელს ვერ ხმარობს.

მე რომ ვიმუშაო, გიორგის რა ვუყო, ვის დავუტოვო ან ვისთან გაჩერდება? ჩემ გარეშე საჭმელს არ შეჭამს. ერთხელ მუშაობა მოვინდომე. მაღაზიაში ქალმა მითხრა, ტორტები გამოაცხვე და გაგიყიდიო. მეხერხება, სხვათა შორის… მაგრამ ვეღარ გავაკეთე, ამ ერთ ოთახში როგორ გინდა, ტორტები აცხო, გააფორმო… სამზარეულო რომ მქონდეს, კიდევ რაღაცას მოვიფიქრებდი, მაგრამ საერთო კორიდორში მიდგას გაზი. კიდევ კარგი, აბაზანა ერთმა კეთილმა კაცმა გაგვიკეთა.

ვფიქრობ, მე-5, მე-6 სართულზე რომ ვცხოვრობდე, ფანჯრიდან გადავხტებოდი, მაგრამ აქედან ხელს ან ფეხს მოვიტეხ და კიდევ მე ვიქნები ამათი მისახედი.

ნეტავ, სახელმწიფო ფიქრობდეს გაჭირვებულ ადამიანებზე, ცოტა მეტი დახმარება იყოს მათთვის. წამლებს მაინც აძლევდნენ ასეთ ავადმყოფ ბავშვებს.

 


მასალა მომზადებულია პროექტის “უჩინარების ისტორიები” ფარგლებში.

ავტორები: მარიამ ვარადაშვილი, ნინო ჩიჩუა, მარიამ ბოგვერაძე

პროექტი უჩინარები. აშშ-ს საელჩო

მასალების გადაბეჭდვის წესი