“დევნილები ამ სახელმწიფოს არ ვჭირდებით” – რა ხდება “დირსის” კორპუსებთან

უკვე მესამე დღეა, რაც “დირსის” კორპუსში იძულებით გადაადგილებული პირები არიან გამაგრებული. კორპუსებს ირგვლივ პოლიციაა მობილიზებული, ხოლო ახლომდებარე ტერიტორია, მთელ სიგრძეზე, საპოლიციო ლენტებითაა შემოსაზღვრული.

დევნილები ამბობენ, რომ პოლიცია მათ ბლოკადაში ამყოფებს, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი კორპუსებს დატოვებენ, სამართალდამცველები უკან აღარ შეუშვებენ. დევნილების თქმით, იქ გამაგრებულ პირებს წყალი და საკვები არ მიეწოდებათ. კორპუსებში გათიშულია ელექტროენერგიაც. კორპუსებში გამაგრებული დევნილების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

დევნილების განცხადებით, გადაწყვეტილება მე-15 კორპუსის სამივე სადარბაზოს დაკავების შესახებ იმიტომ მიიღეს, რომ სახელმწიფოს შეახსენონ მათი გაჭირვების შესახებ. ნეტგაზეთთან ჰყვებიან, რომ უმეტესობას სახლ-კარი არ აქვს, სახელმწიფო კი მათ უკვე 26 წელია, რაც ბინას ჰპირდება. დევნილები ამბობენ, რომ შენობას არ დატოვებენ მანამ, სანამ მთავრობა საცხოვრებელ ფართს არ მისცემს.

დევნილები “დირსის” კორპუსთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რას ამბობენ დევნილები და რა პოზიცია აქვს კომპანიას

მშენებარე კორპუსებთან დევნილთა ნაწილი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, დგანან და პოლიციისგან მოითხოვენ, რომ მე-15 კორპუსში ჟურნალისტებთან და ადვოკატთან ერთად შეუშვან. მათი თქმით, კორპუსში გამაგრებულ ადამიანებს საჭმელი და წყალი არ აქვთ, ზოგიერთ მათგანს კი ქრონიკული დაავადების გამო წამლები ესაჭროება.

სვეტლანა კვანჭიანი ერთ-ერთია, ვინც პოლიციის კორდონის წინ დგას. მისი თქმით, 30 მარტს, სხვა ოჯახებთან ერთად, კორპუსში შევიდა, თუმცა არც კარი შეუნგრევიათ და არც დამატებითი ბარიკადები აუგიათ.

“არანაირი კარები არ ჩაგვიხერგავს, ჩვენ რომ შემოვედით, კორპუსის კარი ღია იყო, ჩვეულებრივად შევედით, არავის არაფერი უკითხავს. ფოიეში განვლაგდით ისე, რომ არათუ ბინებში, არამედ ზემო სართულებზეც კი არ ავსულვართ. შემდეგ მოვიდნენ დაცვის თანამშრომლები და იკითხეს, “აქ რა ხდებაო?!”, ჩვენც ავუხსენით, რომ ვიყავით დევნილები და წასასვლელი არსად გვქონდა,” – ამბობს სვეტლანა კვანჭიანი.

სვეტლანა კვანჭიანი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რაც შეეხება თავად კომპანიას, “ას ჯორჯია- დირსის” გენერალური დირექტორი, ბესიკ ჯიქურაული ამბობს, რომ კორპუსში გამაგრებულმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ინფრასტურქტურა დააზიანეს. მისი თქმით, მათ დაამტვრიეს კორპუსის შესასვლელი და სხვა ბინების კარები, ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის სამსახურს, დაიკავეს სადარბაზოები და გამოიკეტნენ.

“ეს არის კერძო საკუთრების ძალიან ცუდი გზით შელახვა, რაც დაუშვებელია. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველი დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, იძულების გზით გამოიყვანოს ეს ხალხი გარეთ.

მათ მინდა მოვუწოდო, რომ ეს არის კერძო საკუთრება, ზიანი ადგება ჩვენს სამომავლო გეგმებსა და ინვესტიციას. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ორგანოები ძალიან სწრაფად ჩაერევიან და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს. ეს უკანონობაა. არცერთი მიზნის მისაღწევად არ შეიძლება კერძო საკუთრების ხელყოფა,” – ამბობს ბესიკ ჯიქურაული.

“დირსის” გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უწყებები “კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს”. მისივე თქმით, დევნილებთან მოლაპარაკების რამდენიმე მცდელობა შედგა, თუმცა, უშედეგოდ.

თავად დევნილები კი იწრმუნებიან, რომ კარები ისედაც ღია იყო, ხოლო ბინებში არ შესულან.

“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს ბინები უნდა გადმოგვცემოდა, რომ ისინი ლტოლვილებისთვის იყო შესყიდული. ჩვენ არაფერი ჩაგვიმტვრევია და არავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, ეს არის ტყუილი.

საქმე ისაა, რომ საღამოს მომიტანეს პლედი. როცა გარეთ გამოვედი მის წასაღებად, 7-მა კაცმა დაიწყო ჩემთან ჭიდაობა. რომ ავტეხე ყვირილი, გამოცვივდნენ ჩვენები და გამოსტაცეს ჩემი თავი… ეს იყო და ეს,”- განმარტავს სვეტლანა კვანჭიანი.

პოლიცია “დირსის” კორპუსებთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რაც შეეხება მოთხოვნებს, კორპუსში გამაგრებული პირებსა და კორპუსის გარეთ მომლოდინე ადამიანების მთავარი მოთხოვნა არის ბინებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან.

“30 წლის ვიყავი [აფხაზეთის დატოვებისას], სიცოცხლით სავსე ქალი, ახლა ვარ 56 წლის, 3-4 წელიწდში შეიძლება არც ვიყო. სწორედ ამას ელოდება მთავრობა, რომ უფროსი თაობა გაწყდება და ნაკლები კომპენსაცია ექნებათ გადასახდელი. არ ვჭირდებით ჩვენ მთავრობას და თუ არ ვჭირდებით, გაგვიშვას აეროპორტში და გვითხრას, “წადით! ლტლოვილები არ ხართ ჩვენი ქვეყნის ნაწილი” და ჩვენც წავალთ იმასთან, ვინც თავშეასფარს მოგვცემს.

აბა, რაღა ვქნათ?! რა გავაკეთოთ? 26 წელიწადია ველოდებით. ველოდებოდი პატიოსნად…  საშველი არ არის, დედა მყავს უკიდურესად მძიმე, გულით ავადმყოფი, თუმცა ჩემთვის საშველი მაინც არ არის. დაცვის სამსახურმა არაფერი გვითხრა”, – გვიყვება სვეტლანა კვანჭიანი.

ვინ დგას კორპუსებთან – სამი დევნილის ისტორია

თამთა ქეცბაია

“აქ ძირითადად ის ლტოლვილები ვართ, ვისაც სახლი, კარი და ბავშვობა წაგვერთვა. ყინვასა და თოვლში, როდესაც მოვდიოდით… მე შეიძლება გადავრჩი, მაგრამ ასობით სხვა დაიღუპა. რაც თბილისში გადმოვედით, ჯერ ჩემი მშობლები დარბოდნენ სამინისტროებში ბინისთვის, 2010 წლიდან კი მეც დავრბივარ და მოლოდინის რეჟიმში ვარ. ხვალ-ზეგ, ხვალ-ზეგ – აი, ესაა ერთადერთი პასუხი, რომელიც გვაქვს… არანაირი ბინები.

ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ გვქონდა ინფორმაცია, თითქოს ეს ბინები ჩვენთვის შეისყიდეს, თორემ ჩვენ არ შევსულვართ ვიღაცის ოჯახებში. მხეცები კი არ ვართ, სადმე შევვარდეთ. ჩვენ ეს ინფორმაცია რომ გავიგეთ, განცხადებას განცხადებაზე ვწერდით, დავდიოდით ადმინისტრაციაშიც, მიტინგებს ვმართავდით, ვხვდებოდით ყველას და ერთადერთი პასუხი გვქონდა-  “კი, ასეა, ზუსტ პასუხს რამდენიმე დღეში გეტყვით”. რა ვერ დამთავრდა ეს პრობლემა 26 წლის განმავლობაში?! განა რამდენი ვართ, რომ ვერ დავმთავრდით?!

თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემი შვილისხელა ვიყავი, ახლა კი ვდგავარ ყინვაში ჩემს ორ შვილთან ერთად. არ ვიცი, რა სიტყვებით აღვწერო ის ადამიანები, ვინც ბლოკადაში ამყოფებს ორი დღეა… გუშინ მუხლებზე დამდგარი ვეხვეწებოდი პოლიციას, რომ ერთ-ერთი იქ მყოფი ბავშვისთვის საჭმელი და წყალი შემეტენა. 2 საათს ვთხოვდი…

დევნილები “დირსის” კორპუსთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

არც დენი, არც წყალი, არც გათბობა – როგორც კი შევიდნენ, იმ დღეს გაითიშა ყველაფერი. ჩვენ კი მხოლოდ სამი მოთხოვნა გვაქვს: ჟურნალისტები რომ შეუშვან, ბლოკადა მოხსნან და ადვოკატები შეუშვან, რომ მათ ჩვენი ინტერესები დაიცვან. შიგნით ახლა არიან ბავშვები, მოხუცები და ისეთი ადამიანები, ვისაც ქრონიკული, მძიმე დაავადებები აქვთ. არ გვიშვებენ არავის, რომ შევიდნენ და საჭმელი მივაწოდოთ.

რაც შეეხება ბინების მიღებას… ბინა რომ გადმოგცენ, ამბობენ, სოციალურად დაუცველი უნდა იყო და შესაბამისი ქულები გქონდეს. მე ყველაზე დაბალი ქულები მაქვს – 1 000 ქულა, მყავს ორი შვილი, მარტოხელა დედა ვარ… რაც ამ სოცდახმარებით მერიცხება, ეს 400 ლარი, უნდა მეყოს ბინის ქირაზე, ბავშვების საჭიროებებზე და საჭმელზე… სახელმწიფოსთვის თითოეული ადამიანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მე ამას ვერ ვგრძნობ…

მირიან გურჩიანი

წარმოიდგინეთ, ბინა რომ მივიღოთ, რამდენიმე წელი ვწერთ განცხადებებს, მივდივართ, ვეძებთ, ვხვდებით ხალხს, მაგრამ საბოლოოდ – არაფერი. მე აფხაზეთიდან ვარ დევნილი, პატარა ვიყავი, იქიდან რომ წამოვედით. იმის შემდეგ უსახლკაროდ დავრჩი. ხალხი ვართ ჭერის გარეშე. მე არაფერი გამაჩნია.

ტყუპისცალი ძმა და მამა დავმარხე სხვისი სახლიდან! მარტივია ამის ატანა?! სამართლიანია?! დევნილთა სამინისტროსგან ნორმალური საქციელია ეს?!

პოლიცია “დირსის” კორპუსებთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

45 ლარით სად ვიცხოვრო, ვისთან წავიდე, ვინ შევაწუხო?! ყველას უჭირს. გაითვალისწინოს მთავრობამ და დევნილთა სამინისტრომ, რომ ნამდვილად არაფერი გაგვაჩნია. აფხაზეთში რომ ვცხოვრობდი, ბავშვი ვიყავი მაშინ, ჩაი და თხილი გვქონდა, რომელიც მამაჩემმა შვილებისთვის გააშენა. ახლა კი მის შვილს, წასავლელი არსად მაქვს და არაფერი გამაჩნია.

რიმა ქარდავა

იძახიან ხოლმე, რომ არის ხალხი, ვისაც უფრო უჭირს, ვიდრე ჩვენ, და ვინც თავიდან უნდა დააკმაყოფილონ. რა თქმა უნდა, უნდა დააკმაყოფილონ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველას გვიჭირს და როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ იმ ბინების, რომლებიც ჩვენთვის შეისყიდეს, სხვებისთვის გადაფორმება უნდოდათ – ხალხი აჯანყდა. თუ არ დაკმაყოფილდა აქ ხალხი, თუნდაც, ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, 300-დან 200 კაცი მაინც თუ არ დაკმაყოფილდა, უფრო მასშტაბური იქნება მიტინგები, ეს დასაწყისია.

ფაქტები გვინახავს და ვიცით, რომ ჯერ მოდიან მთავრობიდან, ვითომ ღარიბებისთვის იძლევიან ბინებს, შემდეგ კი ვხედავთ, რომ ეს ხალხი ჯიპებით მოძრაობს. მთელი საქართველო ღატაკია… მით უმეტეს, ჩვენ. სახლი, ჭერი – არავის გვაქვს.

“დირსის” კორპუსი, სადაც დევნილები გამაგრდნენ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ბინები, მათ შორის “დირსის” კომპლექსში, მართლაც დევნილებისთვისაა შესყიდული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ პირებზე გაიცემა საცხოვრებელი ფართები.

სამინისტრო ამბობს, რომ 10 აპრილიდან გრძელვადიანი განსახლების პროგრამაში მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყება და პირველ მაისამდე გაგრძელდება. განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში – თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები  სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ.

სამინისტროს ინფორმაციით, 7 მაისიდან დაიწყება განაცხადის შემტანი პირების მონიტორინგი, მანამდე კი კონკრეტულად ვინ მიიღებს ბინას, ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება ბინების გადაცემის კრიტერიუმებს, სამინისტრო ამბობს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ქულა აქვს ამა თუ იმ პირს.

მათი თქმით, ბინები უპირველეს ყოვლისა ყველაზე მოწყვლადებს უნდა გადასცენ, მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ქულები კი თავის მხრივ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება – მათ შორის, შშმ, მრავალშვილიაონობისა თუ ვეტერანის სტატუსისგან. სამინისტრო ამბობს, რომ ივნისამდე სულ 800 ბინა უნდა გასცეს.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 282 485 დევნილი პირი და 89 970 ოჯახია რეგისტრირებული. მათგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არის 39 782 ოჯახი, ხოლო 50 188 ოჯახი განსახლების მოლოდინშია.

2018 წელს 1 406 ოჯახი განსახლდა,  მათ შორის, ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში მცხოვრები –  337 ოჯახი. ასევე, 1 531 ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კერძო საკუთრებაში გადაეცა.

ომბუდსმენი სამინისტროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით 826 ბინაა გამოსყიდული, სადაც დევნილები 2019-2020 წლებში განსახლდებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან