ახალი ამბები

ჯო ბაიდენს ორი ქალი არასასურველ შეხებაში ადანაშაულებს

2 აპრილი, 2019 • 1223
ჯო ბაიდენს ორი ქალი არასასურველ შეხებაში ადანაშაულებს

აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც შესაძლოა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს, ორი ქალი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.

43 წლის ემი ლაპოსმა ამერიკულ მედიასაშუალება Hartford Courant-ს უთხრა, რომ შემთხვევა 2009 წელს, დემოკრატიული პარტიის შემომწირველთა ვახშამზე, ერთ-ერთ კერძო სახლში მოხდა. ჯო ბაიდენი იმ დროს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი იყო, ემი ლაპოსტი კი- დემოკრატიული პარტიის თანამშრომელი.

“ეს არ იყო სექსუალური შინაარსის, მაგრამ მან კისერზე მომკიდა ხელი, თავი დამიჭირა და ცხვირით ცხვირზე გამეხახუნა. როდესაც მან თავი დამიჭირა, მეგონა, ტუჩებში კოცნას აპირებდა”, – უთხრა ლაპოსმა Hartford Courant-ს.

როგორც ლაპოსი ამბობს, ბაიდენს 2009 წელს არ უჩივლა, რადგან “ის ვიცეპრეზიდენტი იყო, მე კი – არავინ”.

ლაპოსი დარწუნებულია, რომ ჯო ბაიდენმა დაარღვია წესიერების, პატივისცემის საზღვრები და ამ საზღვრის დარღვევა არ იყო “ბაბუა-შვილიშვილური” საქციელი.

“ეს არ არის კულტურული. ეს არ არის სიმპათიის გამოხატვა. ეს არის სექსიზმი, ან მიზოგინია”, – მიიჩნევს ლაპოსი. მისივე თქმით, მიუღებელია სიმპათიის უნებართვოდ გამოხატვა და ქალების ობიექტივიზაცია.

მეორე მბრალდებელია ლუსი ფლორესი, რომლის თქმითაც, ჯო ბაიდენი 2014 წელს საარჩევნო კამპანიის დროს შეეხო.

ფლორესის თქმით, როდესაც ის სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა, ბაიდენმა მას ხელები ზურგს უკან, მხრებზე დაადო, მისი თმა დაყნოსა და წყნარად აკოცა თავზე.

როგორც BBC იტყობინება, ჯო ბაიდენი არ მიიჩნევს, რომ მისი საქციელი რაიმე სახით იყო შეუფერებელი.

“ბევრი წლის განმავლობაში, როდესაც ჩართული ვიყავი კამპანიებსა და საჯარო საქმიანობაში, უთვალავჯერ ჩამომირთმევია ხელი, ჩავხუტებივარ, გამომიხატავს სიმპათია და თანაგრძნობა. და არც ერთხელ, არასდროს, მე მწამს, რომ მე არ მოვქცეულვარ შეუფერებლად”, – თქვა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, “ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქალებს შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე და კაცებმა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ, მეც ვიზამ იგივეს”.

ჯო ბაიდენის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე გამოცემა “Politico” აქვეყნებს სტატიას, სათაურით: “მეგობრული ბაბუა თუ საშიში ბიძა? თაობები გაიხლიჩნენ ბაიდენის საქციელთან დაკავშირებით”. სტატიაში დემოკრატიული პარტიის 76 წლის შემომწირველი ამბობს, რომ ათწლეულების წინ ადამიანებს სითბოს, მეგობრობისა და სიმპათიის გამოხატვა არ აშინებდათ, რაც ახლა შეცვლილია. თუმცა პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქცევები მიუღებელია. მათი აზრით, საზოგადოება არ უნდა იყოს ტოლერანტული არასათანადო მოპყრობისა და სექსუალური შევიწროების მიმართ, ასევე, ისეთი ქცევების მიმართ, რომელიც ადამიანებს არასასიამოვნო სიტუაციაში აყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი