კომპანიებს შრომის უსაფრთხოების გამართული სამსახურები უნდა ჰქონდეთ – სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების გადამოწმებას რამდენიმე უწყება ახორციელებს, თუმცა უსაფრთხოების ნაწილში თავად კომპანიების როლიც ძალიან მნიშვნელოვანია.

მინისტრი განმარტავს, რომ სამშენებლო კომპანიებმა გამართული შრომითი უსაფრთხოების სამსახურები უნდა შექმნან. იმ კომპანიებთან კი, რომლებიც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების საჭიროებას სათანადოდ ვერ ხედავენ, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს.

“შრომის უსაფრთხოებას ოთხი ფაქტორი განსაზღვრავს. შრომის ინსპექცია ამოწმებს სისტემური ხარვეზის არსებობას, მაგრამ არ ახორციელებს 24-საათიან მონიტორინგს. ეს მისი საქმე არ არის. მეორე არის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, რომელიც აწესებს ტექნიკურ ნორმატივებს. მესამე ფაქტორია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები, ხოლო მეოთხე- საკუთრივ კომპანიების შრომითი უსაფრთხოების სამსახურები. თუ თავად ამ კომპანიებმა არ უზრუნველყვეს გამართული შრომის უსაფრთხოების სამსახურების არსებობა, ამას ნაკლები შედეგი ექნება. ჩვენი მოვალეობაა, რომ კომპანიები, ვინც ვერ აცნობიერებს ამას, ლეგალურად, გამჭვირვალედ და გასაგებად მივიყვანოთ იმ შედეგამდე, რომ ამ ნორმების დაცვა აუცილებელია,” – აცხადებს სერგეენკო.

31 მარტს, მიწის ჩამოშლის შედეგად, თბილისში, ჭავჭავაძის #5-ში მიმდინარე მშენებლობაზე, ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მშენებლობაში 3 კომპანიაა ჩართული: “ლეჩკომბინატი”, რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს მშენებლობა, სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენი” და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია “ხიმიჯმშენი”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.