ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანისა და ალიევის პირველი ოფიციალური შეხვედრის შედეგები – ხედვა ერევნიდან

2 აპრილი, 2019 • 1571
ფაშინიანისა და ალიევის პირველი ოფიციალური შეხვედრის შედეგები – ხედვა ერევნიდან

ტიგრანუი მარტიროსიანი 


“მნიშვნელოვანი, თუმცა არა “ეპოქალური” და “რევოლუციური” – ასე აფასებენ ერევანში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირველ ოფიციალურ სამსაათიან პირისპირ შეხვედრას ავსტრიის დედაქალაქში, რომელიც 29 მარტს გაიმართა.

იქამდე ორივე ქვეყნის ლიდერი არაფორმალური შეხვედრების ფარგლებსა და საერთაშორისო ფორუმების კულუარებში ხვდებოდა ერთმანეთს.

ვენაში შეხვედრა ფაშინიანმაც და ალიევმაც “დადებითად” შეაფასეს, თუმცა დახურული მოლაპარაკებების დღის წესრიგი არცერთ მხარეს გაუსაჯაროებია – მხოლოდ ის თქვეს, რომ შეხვედრა იყო “მნიშვნელოვანი”.

შეხვედრის ინტრიგა იმაში მდგომარეობდა – განხილულიყო ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებათა პროცესში სტეპანაკერტის მონაწილეობის საკითხი, რაზეც სომხური მხარე იქამდე აცხადებდა.

ვენის შეხვედრის წინ ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ დააზუსტა, რომ ყარაბაღი უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში. ერევნის პოზიციის არგუმენტები კი ასეთია:

სომხეთი მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლას კი არა, იმ ფორმატის აღდგენას სთავაზობს ბაქოს, რომელიც 90-იან წლებში არსებობდა და რომელშიც მთიანი-ყარაბაღიც მონაწილეობდა. მაშინ აღიარებული იყო, რომ კონფლიქტს სამი მხარე ჰყავს და ყარაბაღის გარეშე ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა შეუძლებელია; ყარაბაღის მცხოვრებლები არ მონაწილეობენ სომხეთის არჩევნებში, შესაბამისად, მათ ფაშინიანისთვის ხმა არ მიუციათ და ის ვერ იქნება ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებში მათი ინტერესების წარმომდგენი.

რამდენად შეძლო ფაშინიანმა ამ პროცესში წარმატების მიღწევა? ამ კითხვას თავად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში უპასუხა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებათა პროცესში მთიანიყარაბაღის დაბრუნების საკითხი განიხილებოდა. მივაღწიეთ თუ არა შეთანხმებას? არა! თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ საკითხს არ დავუბრუნდებით. 1998-2018 წლებში სომხეთს მოლაპარაკებებში წარმოადგენდნენ ადამიანები, რომლებსაც ასევე შეეძლოთ ყარაბაღი წარმოედგინათ, რადგან ისინი ყარაბაღის მოძრაობის ლიდერები იყვნენ. მაგრამ მე არ ვარ ყარაბაღიდან და არც ყარაბაღის მოძრაობის ლიდერი ვარ და ვერ ვიქნები მათი წარმომადგენელი მოლაპარაკებებში. ყარაბაღი ყველა ასპექტში მოლაპარაკებათა პროცესის გარეთ დარჩა”.

აქვე, ფაშინიანმა დაამატა, რომ სომხეთი კვლავაც გააგრძელებს პროცესში ყარაბაღის მონაწილეობის მოთხოვნას.

სომეხ პოლიტოლოგთა აზრით, “ისედაც გასაგები იყო”, რომ აღნიშნულ ეტაპზე აზერბაიჯანი არ დათანხმდება ყარაბაღის მონაწილეობას მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა, მათივე თქმით, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა იმ მხრივ იყო “ეფექტური” სომხური მხარისთვის, რომ მან მოახერხა საკუთარი სტრატეგია დომინანტურად ექცია.

“შეხვედრა, სომხური მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის მაუწყებელია. მიღწეულია შეთანხმება, როგორც ეს ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, გაგრძელდეს შეხვედრები, ჰუმანიტარული ნაბიჯები გადაიდგას. იზრდება მომავალში პირველი ჰიპოთეტური გასროლის პოლიტიკური ფასი. რა თქმა უნდა, სომხური მხარე პირველი არ დაიწყებს”, – ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სომხური ინსტიტუტის ექსპერტმა რუბენ მიგრაბიანმა.

სომხეთის კავკასიური ინსტიტუტის დირექტორის, ალექსანდრ ისკანდარიანის შეფასებით, შეხვედრა წარმატებული იყო და შეიძლება მივიჩნიოთ, რომ შეხვედრის შედეგიც თავად შეხვედრის ფაქტია.

“კიდევ ერთი შედეგი დადგა  – ორივე მხარემ დაადასტურა, რომ პროცესი გაგრძელდება, იმის მიუხედავად, რომ მოლაპარაკებათა ფორმატი არ შეცვლილა, ყარაბაღი ვერ ჩაერთო პროცესში. თუმცა მკვეთრი გარღვევების მოლოდინი არც ყოფილა”, – ამბობს ისკანდარიანი.

მსგავს განცხდებებს აკეთებენ სომხეთის ეროვნული კრების [პარლამენტის] დეპუტატებიც.

ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა მიკაელ ზოლიანმა განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ წარმოადგინა არგუმენტები, რომელთაც, მართალია, აზერბაიჯანში არ ეთანხმებიან, თუმცა მათ განხილვას კონცეპტუალური ხასიათი აქვს და ფრონტის ხაზზე პროვოკაციების შესაძლებლობას ამცირებს.

“25 წელი გავიდა ომის დასაწყისიდან. ეს უფრო მეტია, ვიდრე პირველი მსოფლიო ომიდან მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე პერიოდი. ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატმა ხელი შეუწყო დიდი ომის შეჩერებას. დიახ, მოხდა აპრილის ოთხდღიანი ომი, ინციდენტები, ტრაგიკული ფაქტები, მაგრამ დიდი ომი არ ყოფილა. მინსკის ჯგუფის ფორმატმა ამ კუთხით გაამართლა. თუმცა, მიგვაახლოვა კი ამ ფორმატმა პრობლემის დარეგულირებას? ვიყავით კი 1995 წელს უფრო შორს საკითხის გადაჭრისგან, ვიდრე დღეს? – არა. 25 წელი გავიდა და მოდით, ვაღიაროთ, ამ პროცესში რაღაც ისე ვერ არის”, – ამბობს მიკაელ ზოლიანი.

ოპიზიციური ფრაქცია “განათლებული სომხეთის” ხელმძღვანელი ედმონ მარუკიანი კი სომხური მხარის მიერ წარმოდგენილ სამ პრინციპსა [ძალის გამოუყენებლობა და ძალის გამოყენების საფრთხე; თვითგამორკვევის უფლება და ტერიტორიული მთლიანობა] და ექვს ელემენტზე საუბრობს.

“საჭიროა, გვახსოვდეს, რომ ისინი დაფუძნებულია ჰელსინკის დოკუმენტის საბოლოო აქტზე, რომელიც უცვლელია. ჩვენმა ხელისუფლებამ ახალი მიდგომები უნდა შემოიტანოს. ეს არ იქნება მარტივი”, – ამბობს მარუკიანი.

სომხური მხარე მიიჩნევს, რომ  ამ პრინციპების მისადაგება ერევნისთვის და სტეპანაკერტისთვის ბაქოსთვის არ არის მისაღები, მაგრამ როგორც ფაშინიანი აცხადებს, ბაქოსთან ამ საკითხში ზეპირ პოლემიკას არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი