ახალი ამბებისაზოგადოება

მუშების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

2 აპრილი, 2019 • 1145
მუშების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

მუშების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებული ექვსი პირი უკვე გაათავისუფლეს. პოლიციის შენობა უკვე დატოვეს  ცოტნე ცხვედიანმა, ვახუშტი მენაბდემ,  გიორგი სოფრომაძემ და კიდევ სამმა დაკავებულმა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი დავით სუბელიანი გათავისუფლების შემდეგ. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ისინი მუშების უფლებების დასაცავად გამართული აქციის დროს  პოლიციამ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით დააკავა (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა].

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაკავებულის შესახებ, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აქციაზე ექვსი პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის იყვნენ “საიას” იურისტი ვახუშტი მენაბდე და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი დავით სუბელიანი, ასევე, აქტივისტები-  ცოტნე ცხვედიანი და გიორგი სოფრომაძე.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესები ამ პირების საქმეზე.

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ჭავჭავაძის გამზირზე დაპირისპირება დღეს, პირველ აპრილს მოხდა. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის #5-ში, იმ ობიექტის წინ იყვნენ შეკრებილნი, სადაც 31 მარტს ორი მუშა დაიღუპა.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს და ტროტუარისაკენ შეავიწროვეს.

მანამდე აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ, სანამ ადგილზე თბილისის მერი და მთავრობის წევრები არ მივიდოდნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს დროს 23:00-მდე აძლევდნენ.

მოთხოვნას თბილისის მერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კახა კალაძე აქციის მონაწილეებით დაკომპლექტებულ რამდენიმეკაციან ჯგუფთან შესახვედრად მზად იყო. თუმცა დემონსტრანტებმა აღნიშნულ ფორმატზე უარი თქვეს და კალაძის სახლთან გადაინაცვლეს, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქტივისტები დააკავა, დემონსტრანტები პოლიციის შენობასთან მივიდნენ.

აქცია დასრულდა, თუმცა მონაწილეებმა სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი