ახალი ამბები

აქცია დასრულდა, დაანონსდა სახალხო მოძრაობის შექმნა

2 აპრილი, 2019 • 2236
აქცია დასრულდა, დაანონსდა სახალხო მოძრაობის შექმნა

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით თბილისში მიმდინარე აქცია დღეს დასრულდა, თუმცა დაანონსდა სახალხო მოძრაობის შექმნა – შესაბამისი ცნობა ჟურნალისტებთან დემონსტრაციის მონაწილემ გიორგი ღვინჯილიამ გაახმიანა.

მისი თქმით, მოძრაობის საორგანიზაციო შეხვედრა მალე დაანონსდება და მასზე მიწვეული იქნება ყველა მსურველი, მათ შორის, ტაქსის მძღოლები, იპოთეკარები, დევნილები და სხვები.

“ჩვენ აქ ვითხოვთ რაღაც ელემენტარულს. ჩვენს უკან არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია. ჩვენს უკან არ არის რაღაც დაფინანსება. ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა, რომ შრომითი უფლებები ამ ქვეყანაში იყოს დაცული. ამის გარდა, გვინდა, იყოს დაცული იპოთეკარების უფლებები და ა.შ.

დღეს “სოლიდარობის ქსელის” გვერდზე დაანონსდება შეხვედრის თარიღი, სადაც ჩვენ ვიწვევთ ყველას: ვიწვევთ ტაქსის მძღოლებს, ვიწვევთ იპოთეკით დაზარალებულებს, ვიწვევთ დევნილებს, რომლებიც შეჭრილები არიან სხვადასხვა შენობებში… ჩვენ ვიწვევთ ყველა ამ ადამიანს და ყველამ ერთად დავაანონსოთ მოძრაობა, სახალხო მოძრაობა, რომელიც იბრძოლებს ხალხის უფლებებისთვის”, – განაცხადა მან.

პირველი აპრილის აქცია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 31 მარტს ჭავჭავაძის #5-ში მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუყოვნებლივ გამკაცრებისა და შრომის ქმედითი ინსპექციის ამოქმედების მოთხოვნით მოქალაქეები თავდაპირველად მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ.

მცირე ხნის შემდეგ მათ მსვლელობით გადაინაცვლეს ჭავჭავაძის #5-ში, იმ ობიექტის მიმდებარედ, სადაც მუშები დაიღუპნენ. აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ ადგილზე ქალაქის მერი, ასევე პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები არ მივიდოდნენ. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვადა 23:00-მდე მისცეს.

თუმცა, ვადის ამოწურვამდე, აქციის ზემოხსენებულ ფორმატში გაგრძელებაში დემონსტრანტებს ხელი პოლიციამ შეუშალა და ისინი ტროტუარის მიმართულებით შეავიწროვა. დააკავეს 4 ადამიანი, მათ შორის, “საიას” იურისტი ვახუშტი მენაბდე, აქტივისტები – დავით სუბელიანი და ცოტნე ცხვედიანი.

პარალელურად, აქციის მონაწილეთა მოთხოვნას თბილისის მერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კახა კალაძე აქციის მონაწილეებით დაკომპლექტებულ რამდენიმეკაციან ჯგუფთან შესახვედრად მზად იყო. თუმცა დემონსტრანტებმა აღნიშნულ ფორმატზე უარი თქვეს და კალაძის სახლთან გადაინაცვლეს, იქიდან კი მზიურში მდებარე პოლიციის განყოფილებასთან გადავიდნენ, სადაც დაკავებული აქტივისტები იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი