ახალი ამბები

კალაძე მზადაა, შეხვდეს აქციის მონაწილეების რამდენიმეკაციან ჯგუფს – მერია

1 აპრილი, 2019 • 879
კალაძე მზადაა, შეხვდეს აქციის მონაწილეების რამდენიმეკაციან ჯგუფს – მერია

თბილისის მერია ეხმაურება ჭავჭავაძის გამზირზე შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით შეკრებილ აქციის მონაწილეების მოთხოვნას.

“დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს”, – აცხადებს მერია.

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ჭავჭავაძის გამზირზე დაპირისპირება მოხდა.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს და ტროტუარისაკენ შეავიწროვეს. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაკავებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთისთვის” ეს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებიათ.

მანამდე აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ ადგილზე მთავრობის წევრები არ მივლენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს დროს 23:00-მდე აძლევენ.

ამჟამად აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის 5 ნომერთან, ვაკეში, იმ შენობასთან იმყოფებიან, სადაც 31 მარტს,  მუშაობისას, 2 ადამიანი დაიღუპა. ისინი თბილისის მერს, კახა კალაძეს, ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და მინისტრებს – დავით სერგეენკოსა და გიორგი ქობულიას – მოუწოდებენ, ასევე მივიდნენ ადგილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი