ახალი ამბები

ანდრიაძემ “ბიბლიური თავისუფლების” საპირწონედ “კატაკომბური ეკლესია” დაარეგისტრირა

1 აპრილი, 2019 • 4810
ანდრიაძემ “ბიბლიური თავისუფლების” საპირწონედ “კატაკომბური ეკლესია” დაარეგისტრირა

მთაწმინდის ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატი და ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ გირჩის საპირწონედ შექმნა მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლებს.

როგორც ანდრიაძე ამბობს, გირჩის რელიგიური ორგანიზაციიდან უკვე ასობით ახალგაზრდა გადავიდა მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში. მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი ორგანიზაცია წარმოადგენს თურქეთში არსებულ ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას:

“თავისი მრწამსით ეს არის მართლმადიდებლური ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა საქართველოში. ამ ორგანიზაციის სახელით ჩვენ სწორედ იგივე პრივილეგია მივეცით ახალგაზრდებს და არ ვუშვებთ სამხედრო სამსახურში, ვინც მიმართავს ამ ორგანიზაციას. ამ მიმართულებით, ამ კუთხით გავათავისუფლეთ უამრავი ახალგაზრდა იმისაგან, რომ მიემართა სექტანტური, ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციისათვის, რომელიც შექმნა ე.წ. პოლიტიკურმა ორგანიზაცია გირჩმა.

ამის შემდეგ ჩვენ ვთხოვეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი მრწამსით არიან მართლმადიდებლები და სიტუაციიდან გამომდინარე მოხვდნენ გირჩის ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციაში, რომელიც თავისი არსით არის სექტანტური ორგანიზაცია. ამ პიროვნებებს მივმართეთ, რომ “გადმოწერილიყვნენ” ჩვენს მართლმადიდებლურ ორგანიზაციაში. ამით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დავუბრუნეთ ასობით ადამიანი… ჯერჯერობით მხოლოდ ასობით. სამწუხარო ციფრი, რომელიც არის 15 ათასიდან 20 ათასამდე გირჩის ორგანიზაციაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავი დააღწიოს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ამ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, რომ დაუბრუნდნენ დედაეკლესიას, ანუ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას”.

მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზანია ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალოს კანონი სავალდებულო გაწვევის შესახებ.

“კანონის მანკიერი მხრიდან გამომდინარე არ უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს უფლება, გაწევრიანდნენ ისეთ ანტიქართულ და ანტიმართლმადიდებლურ ორგანიზაციაში, რომელიც შექმნა გირჩმა. ჩვენ მივეცით საშუალება ახალგაზრდებს, თავი დაეღწიათ ამ სექტანტური გაერთიანებისათვის. იმედია, მომავალში ძალიან ცოტა ადმიანი დარჩება გირჩის სექტანტურ ორგანიზაციაში და ყველანი გადმოვლენ ჩვენს მართლმადიდებლურ ორგანიზაციაში, რომელიც, რა თქმა უნდა, არის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილი. ეს წერია ჩვენი ორგანიზაციის წესდებაში”, – ამბობს გიორგი ანდრიაძე.

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ყოველივე ამან აღაშფოთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც მის მიერ დაფუძნებული ახალი რელიგიური ორგანიზაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს:

“ამან აღაშფოთა ეს მონსტრი წარმონაქმნი, ანუ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის კოჰაბიტაციური ხელისუფლება და მისი უშიშროების სამსახურის საშუალებით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ. ჩვენი ჩართვის მიზანი იყო სწორედ ის, რომ გითხრათ – კატაკომბური ეკლესია არის ისტორიულად ჩამოყალიბებული მართლმადიდებლური თემი, რომელიც არსებობდა თურქეთის ტერიტორიაზე ფარული ქრისტიანებისგან. ეს ორგანიზაცია დაარეგისტრირა თქვენმა სახელმწიფო სტრუქტურამ. ასე რომ, ჩვენ ზუსტად იგივე სტატუსით ვსარგებლობთ, როგორიც ე.წ. გირჩის რელიგიური ორგანიზაცია.

გამოსავალი ამ პრობლემიდან არის ერთი – საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალოს კანონმდებლობა და შექმნას სამხედრო სამსახურის ის კანონი, რომელიც ყველა ახალგაზრდას უბიძგებს და მისცემს საშუალებას იმისას, რომ გაიაროს სამხედრო სამსახური, რომელიც იქნება პრესტიჟული და წახალისებული. ეს არის ჩვენი მიზანი იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო სამხედრო ნაწილში, როგორიც არის შვეიცარია და ისრაელი. ეს არის ჩემი პოლიტიკური პროგრამა და ამის განხორციელებისათვის ეტაპობრივად მივიწევთ წინ. ეს განმარტება დაგვჭირდა იმისათვის, რომ სოციალური ქსელით უშიშროების გავლენის აგენტებმა ააგორეს ცრუ კამპანია ჩვენი კეთილშობილური, მართლმადიდებლური ნაბიჯის გამო. ჩვენი მიზანი არის ერთი, რომ გირჩის სექტანტურ ორგანიზაციას გამოვტაცოთ მასში იძულებით ჩათრეული ახალგაზრდები და დავაბრუნოთ ისინი მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში”.

გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: გურამ საღარაძე, თემურ ჩალაბაშვილი, დავით გველესიანი, ნუნუ გაბუნია, ზაზა ხაბეიშვილი.

  • ბიბლიური თავისუფლება ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. გირჩის რელიგიურ ორგანიზაციაში, სულ მცირე, 12 000 ახალგაზრდაა დარეგისტრირებული მღვდელმსახურად.
  • გირჩის წევრების დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციას ერჩის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც. ირაკლი სესიაშვილის ჯერ კიდევ 2017 წელს აანონსებდა ბიბლიური თავისუფლების საწინააღმდეგო კანონპროექტის შემუშავებას, რომელიც 2019 წელს საბოლოოდ შეიმუშავა. მან აღნიშნული ინიციატივა 2019 წლის მარტში შეიტანა პარლამენტში, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსა და მის გარეთ დაწყებული დისკუსიის შემდეგ თავადვე მოითხოვა შეჩერება.
  • თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ახლა “კეთილსინდისიერ რელიგიურ ორგანიზაციებთან” მართავს კონსულტაციებს, ხოლო ბიბლიური თავისუფლება რელიგიურ კონფესიებს მოუწოდებს, არ შევიდნენ ირაკლი სესიაშვილთან გარიგებაში.
  • კატაკომბური ეკლესიისა და ბიბლიური თავისუფლების გარდა, 2019 წლის თებერვალში, საჯარო რეესტრში ბიბლიური უზრუნველყოფაც დარეგისტრირდა, თუმცა ეს რელიგიური ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაში არ ეხმარება ახალგაზრდებს და მხოლოდ პატიმრების უპრობლემოდ მოსანახულებლად ანიჭებს მოქალაქეებს სასულიერო პირის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი