ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

1 აპრილი, 2019 • 1139
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები დღეს, პირველ აპრილს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდნენ.

მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის საფლაგმანო ხომალდი HNLMS Evertsen (ნიდერლანდების სამეფო), TCG Yildirim (თურქეთის რესპუბლიკა), BGS DRAZKI (ბულგარეთი) და ROS Regele Ferdinand (რუმინეთი). ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“- ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

ფოთის პორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა, ნატო-ს მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის მეთაურმა, კომოდორმა ბაუდევაინ ბუთსმა შენაერთის საქართველოში ვიზიტის საკითხები ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს.

ვიზიტის ფარგლებში კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი