ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევის დისკუსიების წინ აფხაზური მხარე მოსკოვში კონსულტაციებზე ჩავიდა

1 აპრილი, 2019 • 1719
ჟენევის დისკუსიების წინ აფხაზური მხარე მოსკოვში კონსულტაციებზე ჩავიდა

აფხაზური დელეგაცია, საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრის, დაურ კოვეს ხელმძღვანელობით, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ხვდება. შეხვედრაზე, როგორც მხარეები აცხადებენ, სხვადასხვა ორმხრივი საკითხების გარდა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილება.

ლავროვთან შეხვედრამდე აფხაზმა მინისტრმა დაურ კოვემ რია ნოვისტისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ცვლილებაზე, მის პროდუქტიულობაზე და არაპროდუქტიულობაზე საუბარი არაფრის მომცემია.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობის თემა ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წამოწია, როდესაც ერევანში სიტყვით გამოსვლისას, სომხეთისა და საქართველოს კონფლიქტებზე საუბრის დროს, შედეგისთვის არასაკმარისი უწოდა იმ საერთაშორისო ფორმატებს, რომლებიც სომხეთსა და საქართველოს დღეს გააჩნია კონფლიქტების გადასაჭრელად.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი