ახალი ამბები

ერდოღანის პარტია არჩევნებს სტამბოლშიც აგებს

1 აპრილი, 2019 • 1436
ერდოღანის პარტია არჩევნებს სტამბოლშიც აგებს

წინასწარი მონაცემებით, თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქ სტამბოლში მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, სადი გუვენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” მერობის კანდიდატ ერკემ იმამოღლუმ 4 159 650 ხმა მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენელს და თურქეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს 4 131 761 ხმა აქვს.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, სტამბოლში 99%-ზე მეტი ხმა უკვე დათვლილია.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუმ” შედეგების განახლება შეწყვიტა. სააგენტოზე ბოლოს განთავსებული ინფოგრაფიკის მიხედვით, სტამბოლის მერის არჩევნებში ერდოღანის პარტიის წარმომადგენელი ოპოზიციის კანდიდატს 0,05%-ით უსწრებს.

 

“არ ვიცი, სააგენტო ანადოლუ საიდან იღებს მონაცემებს”, – განაცხადა გუვენმა.

თუ მონაცემები შენარჩუნდება, ეს პირველი შემთხვევა იქნება 1994 წლის შემდეგ, როდესაც ერდოღანმა ან მასთან აფილირებულმა პარტიამ თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქზე კონტროლი დაკარგა.


თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ითვლიან. წინასწარი შედეგების თანახმად, რომელთა მთავარი წყაროც სახელმწიფო მედიაა, ხმათა რაოდენობით პრეზიდენტ ერდოღანის პარტია პირველია, თუმცა დედაქალაქ ანკარასა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილზე ის კონტროლს კარგავს.

წინასწარი შედეგების თანახმად, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი, მანსურ იავაში ხმათა უმრავლესობით უსწრებს კონკურენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან”. ამავე ცნობებით, ოპოზიციის კანდიდატები იმარჯვებენ იზმირში, ადანაში, ანტალიასა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილში.

ჯამში, ხმათა საერთო რაოდენობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” პირველობას ინარჩუნებს: სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მას 44.42% აქვს. მეორე ადგილზე “რესპუბლიკური პარტიაა” 30.07%-ით, მესამე პოზიციაზე კი მემარჯვენე “კარგი პარტია” 7.46%-ით.

ესაა პირველი ადგილობრივი არჩევნები, რომელიც თურქეთის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლისა და ერდოღანის ხელში უპრეცედენტოდ დიდი ძალაუფლების თავმოყრის პირობებში ტარდება.

ამავე თემაზე:

ანკარაში ოპოზიცია იმარჯვებს – თურქეთის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი