ახალი ამბები

10 ცნობა, რაც უნდა იცოდეთ, თუ საპენსიო სქემის დატოვება გადაწყვიტეთ

1 აპრილი, 2019 • 2328
10 ცნობა, რაც უნდა იცოდეთ, თუ საპენსიო სქემის დატოვება გადაწყვიტეთ

პირველ აპრილს სამი თვე გავიდა საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღესვე შეძლებთ განცხადების დაწერას, თუკი საპენსიო სქემის დატოვება გადაწყვიტეთ. გაეცანით 10 მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც სქემის დატოვებაში დაგეხმარებათ:

[checklist]

  • 1. საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის. თუ 40 წელი ამ თარიღის შემდეგ შეგისრულდათ, საპენსიო სქემას ვეღარ დატოვებთ;
  • 2. განცხადება საპენსიო სქემიდან დატოვების თაობაზე შეგიძლიათ შეიტანოთ სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. საპენსიო რეფორმა 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სამი თვის ათვლა იწყება იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა. პირობითად, თუ თქვენმა ბუღალტერმა პირველი საპენსიო შენატანი 2019 წლის 30 იანვარს განახორციელა, განცხადების დაწერა 30 აპრილის შემდეგ შეგიძლიათ.
  • 3. დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად [სქემის დატოვების თაობაზე] გაქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვეთ სქემა, რჩებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და ამ სქემიდან ვეღარ გამოხვალთ. ანუ, თუ თქვენ საპენსიო სქემაში 30 იანვარს დარეგისტრირდით, მისი დატოვების მაქსიმალური ვადა 30 ივნისია. ამის შემდეგ განცხადების დაწერას აზრი არ აქვს.
  • 4. განცხადების დაწერა საპენსიო სქემის დატოვების შესახებ შეგიძლიათ როგორც თქვენ, ასევე მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზეც.
  • 5. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ მოქალაქეს აქვს საშუალება ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს სქემას, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას სქემის დატოვების უფლება აღარ ექნება.
  • 6. ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შეუძლია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია თბილისი, ყიფშიძის 7ბ.
  • 7. განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
  • 8. საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ შემომტანებს [სახელმწიფოს, დამსაქმებელს, დასაქმებულს].
  • 9. დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი, საპენსიო სააგენტოს განცხადებით, შეგიძლიათ შეამოწმოთ ამავე  სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ თქვენს პირად პროფილზე.
  • 10. პირად პროფილზე შესასვლელად გჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოთ. თუ ორი დამსაქმებელი გყავთ, პირად გვერდზე შესასვლელად დაგჭირდებათ ორი პაროლი.

[/checklist]

ამ თემაზე: როგორ გადაიხდით საპენსიო შენატანს და რა გზით მიიღებთ წვდომას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე

მასალების გადაბეჭდვის წესი