ახალი ამბები

რა კავშირშია აგვისტოს ომი უკრაინაში მომხდარ მკვლელობასთან — NYT-ის გამოძიება

31 მარტი, 2019 • 3730
რა კავშირშია აგვისტოს ომი უკრაინაში მომხდარ მკვლელობასთან — NYT-ის გამოძიება

რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინაში დაიქირავეს ადამიანი, რომელსაც ექვსი ადამიანის ადგილმდებარეობის დადგენა, მოგვიანებით კი — ერთ-ერთი მათგანის მოკვლა დაავალეს; ექვსივე მათგანს ერთი რამ აერთიანებდა — ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში იმყოფებოდნენ, — წერს გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმზი” (NYT).

“ნიუ-იორკ ტაიმზმა” 31 მარტს მოსკოვის ბიუროს რეპორტიორის, მაიკლ შვირცის ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. “ტაიმზის” ჟურნალისტი სტატიაში მოგვითხრობს უკრაინაში მცხოვრები 51 წლის ოლეგ სმოროდინოვის შესახებ, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, 2016 წლის 16 სექტემბერს უკრაინის ქალაქ როვნოში ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ივან მამჩური მოკლა.

უკრაინის პროკურატურის თანახმად, იარაღზე, რომლითაც მამჩური მოკლეს, სმოროდინოვის დნმ-ია აღმოჩენილი; მათივე ბრალდებით, სმოროდინოვი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაქირავებული მკვლელი იყო. იგი დანაშაულს აღიარებს. თუმცა მამჩური, სმოროდინოვის თქმით, მხოლოდ ერთი იყო იმ ექვსი სამიზნიდან, ვისი ადგილსამყოფელის გარკვევაც დაავალეს. 

ავტორის თანახმად, პროკურატურამ და მედიამ დანაშაულის გახსნის შემდეგ სმოროდინოვის საქმის მიმართ ინტერესი დაკარგეს, რადგან მკვლელობას განიხილავდნენ უბრალო ნაწილად “დანაშაულების ჩახლართული ჯაჭვისა, რომელიც ძირითადად უკრაინის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული”. თუმცა, NYT-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება სმოროდინოვის სიით არ დაინტერესებულა, საქმეში შეიძლება უფრო დიდი სქემა იკვეთებოდეს:

სიაში ნახსენები ექვსი კაცი სხვადასხვა ასაკისა იყო, სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდა. ერთი შეხედვით, მათ არაფერი ჰქონდათ საერთო. თუმცა გამოცემა წერს, რომ მათი წარსულის შესწავლის შედეგად გაარკვიეს, რომ ექვსივე მათგანს ჰქონდა სამხედრო წარსული — ისინი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს საქართველოში იმყოფებოდნენ.

როგორ უკავშირებენ ამ ადამიანებს აგვისტოს ომს?

როგორც NYT წერს, რომ ომამდე რამდენიმე წლით ადრე უკრაინამ საქართველოს მიჰყიდა ანტისარაკეტო სისტემა, რამაც საქართველოს ეფექტური თავდაცვის საშუალება მისცა ომის დროს. ამასთან, ავტორის თანახმად, რუსეთში მაღალჩინოსნებს არ სჯეროდათ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ჯარებს საკმარისი უნარები ჰქონდა რთული სისტემის იარაღის გამოსაყენებლად და ეჭვობდნენ, რომ მათ უკრაინელი ჯარისკაცები ეხმარებოდნენ. ავტორს მოჰყავს ვლადიმირ პუტინის განცხადება ომის შემდეგ: “არ ვიცით, ვინ გადაწყვიტა, კონფლიქტისას უკრაინიდან აღჭურვილობა და იარაღი გადაეცა [საქართველოსთვის], მაგრამ ვინც უნდა ყოფილიყო, დიდი შეცდომა დაუშვა”.

მოგვიანებით, გამოცემის თანახმადვე, უკრაინულმა ოპოზიციურმა “რეგიონების პარტიამ”, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებასთან აქვს კავშირი, გამოაქვეყნა სახელები იმ უკრაინელი ჯარისკაცებისა, რომლებიც, მათი თქმით, საქართველოს ეხმარებოდნენ. ერთ-ერთი ადამიანი, ვისზეც ამ ანგარიშში მითითებულია, რომ [რუსეთის წინააღმდეგ] სამხედრო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, სმოროდინოვის სიაში იყო.

სიაში მითითებული კიდევ ორი სახელი ნახსენებია რუსი ისტორიკოსების მიერ დაწერილ წიგნებში. უკრაინულმა უწყებებმა გამომძიებელ რეპორტიორს დაუდასტურეს, რომ მეოთხე ადამიანიც ნამყოფი იყო საქართველოში, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრიათ. სიაში მეხუთე ადამიანმა გამოცემას დაუდასტურა, რომ 2008 წელს საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა ომში რაიმე სახით მონაწილეობა უარყო.

რაც შეეხება მოკლულ მამჩურს, — გამოცემის თანახმად, უკრაინული უწყებები ადასტურებენ, რომ ისიც იმყოფებოდა საქართველოში ომის დაწყებისას, — იგი უკრაინული არმიის სპეციალური ოპერაციების მესამე დანაყოფს ხელმძღვანელობდა, თუმცა, უკრაინული უწყებების მტკიცებით, არც მას და არც სხვა უკრაინელ ჯარისკაცებს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ნიუ-იორკ ტაიმზს ამ ხუთი ადამიანის სახელი, მათი უსაფრთხოების გამო, არ გამოუქვეყნებია.

გამოცემის თანახმად, დმიტრი პესკოვი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპიკერი, აცხადებს, რომ კრემლისთვის უცნობია, ვინ არიან მამჩური ან სმოროდინოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი