ახალი ამბები

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს

31 მარტი, 2019 • 1444
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, კომიკოსმა ვოლადიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს.

31 მარტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვას სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკიმ ასე უპასუხა: “ჩამოვიდეს. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით. მგონია, რომ ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, რომელიც დღეს პოლიტიკაში მიდის და გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება” (თარგმანი — საზოგადოებრივი მაუწყებელი).

ამ განცხადებიდან რამდენიმე წამში კი განაცხადა: “ვფიქრობ, რომ თუ მას წაართვეს მოქალაქეობა, უნდა დაუბრუნონ”. მან აღარ უპასუხა კითხვას, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თვითონ აპირებს თუ არა, სააკაშვილს აღუდგინოს მოქალაქეობა.


31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, პრეზიდენტობის 39 კანდიდატიდან ძირითადად სამი ლიდერი იკვეთება:

  1. ახლანდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო;
  2. ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო;
  3. კომიკოსი ვოლადიმირ ზელენსკი, რომლის პერსონაჟიც ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მოულოდნელად პრეზიდენტი ხდება.

“ამერიკის ხმის” თანახმად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგების თანახმად მოსალოდნელია, რომ ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში 50%-ზე მეტს ვერ აიღებს. თუ ასე მოხდა, მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

ამომრჩეველთა რაოდენობა 35 მილიონზე მეტია; მათი დაახლოებით 12% ხმის მიცემას ვერ ახერხებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონეცკისა და ლუთანსკის ოკუპაციის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი