ახალი ამბები

“გვაიძულეს, ეს ნაბიჯი გადაგვედგა” — ათეულობით ოჯახმა “დირსის” კორპუსი დაიკავა

31 მარტი, 2019 • 2425
“გვაიძულეს, ეს ნაბიჯი გადაგვედგა” — ათეულობით ოჯახმა “დირსის” კორპუსი დაიკავა

ისანში, კომპანია “დირსის” ერთ-ერთი კორპუსში იძულებით გადაადგილებულთა რამდენიმე ათეული ოჯახია გამაგრებული. ისინი სახელმწიფოსგან საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ და ამბობენ, რომ კორპუსის დატოვებას არ აპირებენ.

“იმედის” თანახმად, ოჯახები დირსის მე-15 კორპუსის სამივე სადარბაზოში იმყოფებიან და შესასვლელები ხის კონსტრუქციებით აქვთ ჩახერგილი. შსს-ის ცნობით, ამჟამად იქ მშვიდი ვითარებაა და პოლიცია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა მობილიზებული.

ოჯახებმა კორპუსი 30 მარტს დაიკავეს. “ბინით დაგვაკმაყოფილონ. სხვა მოთხოვნა არა გვაქვს. არც გამოვალთ ახლა… მთავრობის იმედიზე ვიყავით. იძულებული გაგვხადეს, ეს ნაბიჯი გადაგვედგა”, — ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

“ვართ ქირით, ვერ ვიხდით ამ ქირას. ცოცხალი თავით აქედან არ გავალთ, მკვდრებს თუ გაგვიტანენ აქედან”, — ამბობს მეორე.

“27 წელია, [ბინის მიღების] რიგში ვდგავართ. ამასობაში ეს ბინები იყიდება… მაგრამ ჩვენ გვტოვებენ უბინაოდ. აქედან გასვლას არ ვაპირებთ იქამდე, სანამ არ დაგვაკმაყოფილებენ ფართით”, — უთხრა რუსთავი2-ს ერთ-ერთმა მათგანმა.

კომპანია “დირსის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “სამართლებრივ ზომებს” მიმართავდნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ კი განაცხადა, რომ ეს ბინები ამჟამად რემონტდება და სამინისტროსთვის გადაცემული არ არის:

“ისინი იმყოფებიან კერძო მესაკუთრის, კომპანიის საკუთრებაში, რაც, ვფიქრობ, ყოვლად დაუშვებელია. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, გაჭირვებულები არიან, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ეკუთვნით ბინები, მაგრამ არის წესი და რიგი”, — განაცხადა მან.

გიორგაძის თანახმად, “30 ოჯახის გარდა, რომლებიც აქ შეიჭრნენ, არის ასეულობით ოჯახი. ყველას შეფასებაა საჭირო და ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება და ბინების გადაცემა, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით”.

როგორ ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე, 31 მარტის მდგომარეობით, ადგილზე სიმშვიდეა და იქ პოლიციაა მობილიზებულია, რათა უსაფრთხოება უზრუნველყოს.

შსს-ს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რაც “ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას” გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი