ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

ჩემი შვილის სექსუალური ცხოვრების დეტალები ინსტაგრამზე გაავრცელეს | ზეპირი ისტორია

29 მარტი, 2019 • 20050
ჩემი შვილის სექსუალური ცხოვრების დეტალები ინსტაგრამზე გაავრცელეს | ზეპირი ისტორია

გთავაზობთ 17 წლის გოგოს ისტორიას, რომლის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს და გამოძიება დაიწყო, თუმცა დასრულებული არ არის. ამბავს ნეტგაზეთს მოზარდის დედა უყვება: 


გასული წლის ნოემბერში ჩემმა შვილმა, რომელსაც ჩემთან გახსნილი, ღია ურთიერთობა აქვს, მითხრა, რომ ინსტაგრამის ერთ-ერთ დახურულ გვერდზე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები გამოქვეყნდა – ტექსტი თანდართული ფოტოსურათით, რითაც თავისუფლად შეიძლებოდა მისი სრული იდენტიფიცირება. აქ იყო მოთხრობილი მისი ინტიმური ცხოვრების დეტალები.

როდესაც დავათვალიერე ინსტაგრამის ეს გვერდი, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი, ასობით გოგოს ინტიმური ცხოვრების დეტალები იყო გამოქვეყნებული.

საუბარია ინსტაგრამის გვერდზე, რომლის თითო პოსტს დაახლოებით 200-300 მოწონება ჰქონდა. ინსტაგრამზე ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა.

ამ პოსტებზე მიდიოდა ჩვეულებრივი ღლიცინი და ბულინგი – “ყოჩაღ”, “ფუუ” და არ ვიცი… დაახლოებით ისეთი შინაარსის კომენტარები, რომლითაც შეიძლება პიროვნებამ ღირსებადაკარგულად იგრძნოს თავი.

მას შემდეგ, რაც ჩემი შვილის ისტორია გამოქვეყნდა, მას სწერდნენ უცხო ადამიანები. ზოგი ადანაშაულებდა იმაში, თითქოს თვითონ გამოაქვეყნა საკუთარ თავზე ეს ინფორმაცია პოპულარობის მიზნით, ზოგი, უბრალოდ, ამხნევებდა – არ ინერვიულოო… თვითონ საიტის ადმინისტრატორი კი სწერდა – “აბა, ასე რომ იქცეოდი, რა გეგონა, დაიმალებოდა შენი ამბავი?” ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად არის შურისძიების მეთოდი. როდესაც რაღაცას ვერ აღწევენ ურთიერთობაში, ან რაღაც წყენა აქვთ სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად, სწორედ ამ მეთოდს იყენებენ ქალების წინააღმდეგ, მათ დასასჯელად.

მე ეს აღვიქვი პირდაპირ თავდასხმად ქალებზე. ეს მიმაჩნდა იარაღად ახალგაზრდა გოგონების წინააღმდეგ, რომლებსაც აშანტაჟებდნენ. სავარაუდოდ, ეს იყო მათზე შურისძიება,  რომელიც განახორციელეს მსგავსი პირადი დეტალების გავრცელებით, ძირითადად კი, სექსის თემაზე დარცხვენით.

ჩვენ ისედაც გვაქვს ვნებები, რომ სხვის ცხოვრებაში ვიქექოთ. მით უმეტეს, თუ ეს სხვა იქნება ქალი, ძალიან მარტივია, რადგან დასაჩაგრი ობიექტი, პრაქტიკულად, გამზადებული გყავს. დიდი ძალისხმევა არ გჭირდება მის სტრესამდე მისაყვანად – კულტურულად უკვე მომზადებულია ნიადაგი, რომ ნებისმიერ ქალს და სექსს ერთდროულად თუ ახსენებ, ცუდ პოზიციაში ვარდება ქალი.

იქ [ინსტაგრამზე] იყო მხოლოდ და მხოლოდ ქალების პირადი, ძირითადად სექსუალური ტიპის ფაქტების წერილობითი აღწერა, ოღონდ – სრული იდენტიფიცირებით: იდებოდა ფოტო, სახელი, გვარი, უბანი და ლამის მისამართი, სადაც ეს გოგონა ცხოვრობდა. რაღაცები არის სიმართლე, რაღაცები, ალბათ, არ არის, მაგრამ როდესაც აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ვიღაც გოგოს აქვს სექსი, ეს უკვე ძალიან დიდი სტრესია ამ გოგონას ფსიქიკისთვის, რადგან ჩვენ გვიწევს ცხოვრება იმ კულტურაში, სადაც ქალისთვის ეს აკრძალული და სამარცხვინოა.

ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ ასრულებენ გოგონები სუიციდით სიცოცხლეს. თვითმკვლელობამდე რომც არ მივიდეს საქმე, სუიციდური აზრები სრულიად არაფუნქციურს ხდის მოზარდ გოგონას: ის იკეტება საკუთარ თავში და მერე რომ ვფიქრობთ, ნეტავ, რა მოხდა, რა არის მიზეზი, პასუხი ამაზე არ გვაქვს. ეს პასუხი შესაძლებელია სწორედ ის იყოს, რომ მისი ისტორია რომელიღაც მობულინგე გვერდზეა გამოქვეყნებული და ხმამაღლა ამის შესახებ ვერ საუბრობს.

პოლიცია

ძალიან ბევრი გოგო არ მიმართავს პოლიციას. შიშებისა და მოსალოდნელი წნეხის გამო, ბევრი ოჯახშიც კი არ ახმაურებს ასეთ ფაქტებს.

ჩვენ იმავე დღეს მივმართეთ პოლიციას, საქმის კურსში ჩავაყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და დაიწყო გამოძიება.

გამოძიება ბიუროკრატიული პროცესებით მიმდინარეობდა – პოლიციაში ხარ ოთხი საათი ერთ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს, რაც გართმევს ძალიან დიდ დროს. ეს არის გარკვეული წნეხი – როდესაც ხელახალ ვიქტიმიზაციას გიკეთებენ, იმიტომ, რომ ისევ დეტალურად გეკითხებიან, თან ამ საქმეში არასრულწლოვანიც რომ ფიგურირებს, ცოტა რთული თემაა… არ ხარ მიჩვეული და, შესაბამისად, პროცედურა იწელება. ამასობაში გადის დრო და მოძალადე აგრძელებს აქტიურობას…

ამ შემთხვევაში ჩვენ ნაკლები რისკის ქვეშ ვიყავით, რადგან ჩავრთე ფსიქოლოგი, ჩავერთე მე და ვცდილობდი ჩემი შვილისთვის მაქსიმალურად შემემცირებინა ფსიქოლოგიური წნეხი.

როცა გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ის მაინც ვერ აკავებს ვერავის, ვერ აუქმებს გვერდს და წინ ვერ უდგება ამ გვერდის საქმიანობას, უნდა ვივარაუდოთ, რა ფსიქოლოგიურ წნეხსა და სტრესში არიან ეს გოგონები, რომელთა ისტორიებიც გამოქვეყნებულია. მათ აზიარებენ, იწონებენ, დასცინიან და საჯარო ბულინგი მიმდინარეობს კიბერსივრცეში…

ამიტომ გადავწყვიტე, რომ მე თვითონ მიმეღო გარკვეული ზომები, ფეისბუკზე საკმაოდ ვრცელი პოსტი დავწერე ამ კონკრეტული გვერდის მითითებით და მოვნიშნე შსს-ს საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი. ამ პოსტს ძალიან ბევრი გაზიარება ჰქონდა და, პრაქტიკულად, გვერდი იმ საღამოსვე გაუქმდა… დაიხურა არა მარტო ის, არამედ მომიჯნავე გვერდებიც, რომლებიც, ძირითადად, დაკავებულები არიან კიბერბულინგით. თუმცა გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა და დღესაც არ არის დასრულებული. დღესაც გაურკვეველია, ვინ არის ამ ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო. გვაქვს გონივრული ეჭვები, ვინ შეიძლება ყოფილიყო ინფორმატორი, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ცხადად ვერ იტყვი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდი თვეების განმავლობაში გაუქმებული იყო, რამდენიმე დღის წინ ისევ გააქტიურდა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ აბსოლუტურად არ აქვთ გაცნობიერებული იმ დანაშაულის სიმძიმე, რომელიც შესაძლოა მათ ქმედებას მოჰყვეს და ის პასუხისგება, რომელსაც შეიძლება მიეცნენ. მათ ამის ლეგიტიმაციის უფლებას აძლევს მონსტრი ბიუროკრატიული საგამოძიებო პროცესი.

პოლიციის განყოფილებაში გვეუბნებიან, რომ საქმე არის მოკვლევის პროცესში. მათ სქრინებიც გავუგზავნე, მაგრამ მთხოვენ, რომ ჩავიდე ახლა და განცხადება დავწერო სქრინების მიწოდების თაობაზე… წარმოუდგენელია, ამ ყველაფერს ვაკეთებდე, რადგან ამის გარდა, მე მაქვს საქმე, რომელიც არის აუცილებელი თვითგადარჩენისთვის. შეუძლებელია, პოლიციასთან ითანამშრომლო განუწყვეტლივ, თან, აბსოლუტურად მოწყდე საქმეს.

ამ საქმეში მეორე ფაქტორი კიდევ არის ის, რომ ადამიანებს ვერ ეუბნები, რისთვის მიდიხარ პოლიციაში, რადგან არსებობს წითელი ხაზები, რომელიც შენი ოჯახის ამბავია და ვერ გაანდობ თანამშრომლებს, პარტნიორებს თუ კოლეგებს. ეს შენი პირადი ამბავია. მერე ჩნდება ეჭვები – აბა, რა ხდება? რატომ მოწყდი ამდენი ხნით საქმეს? ეს წარმოუდგენელია. არსებობს რაღაც, რაც თვითონ გამოძიების, სახელმწიფოს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.

საკმარისი ინფორმაცია აქვთ იმისთვის, რომ ეს საქმე გააგრძელონ ჩემგან დამოუკიდებლად… მე მივუტანე მათ ეს ამბავი. ახლა უკვე სახელმწიფოს, პროკურატურის ინტერესებში უნდა შედიოდეს, სადამდე წავა ეს საქმე და მიაკვლევენ თუ არა მოზარდების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პირველწყაროს.

რჩევები სხვა მშობლებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იდენტიფიცირება მოახდინოს – აქვს თუ არა მის შვილს პრობლემა. მისი ხასიათის უცაბედი ცვლილება, საკუთარ თავში ჩაკეტვა, სახლიდან გაუსვლელობა, ჩვეულ საქმიანობაზე უარის თქმა, თუნდაც ის, რომ ფეისბუკი აღარ აქვს, ან აღარ შედის და აღარ ათვალიერებს. ძალიან ხშირად, ეს შეიძლება იყოს პირდაპირი სიგნალი იმისთვის, რომ განგაში ავტეხოთ – ხომ არ არის ჩვენი შვილი კიბერბულინგის მსხვერპლი?

შეიძლება მას არ ჰქონდეს მშობელთან გახსნილი ურთიერთობა და ამის შესახებ არ მოუყვეს, ამიტომ აუცილებელია ჩავრთოთ სხვა ადამიანი – კარგი იქნება პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელთანაც გაიხსნება და ექნება ღია საუბრები. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, რომ ამაში ჩაერთოს სამართალდამცველი ორგანოები, თუკი ჩვენ ხელთ არ გვაქვს, ბავშვი თუ არ გვიყვება… ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, ძალადობაგამოვლილი გოგონას ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სანამ ეს ყველაფერი უფრო სავალალო შედეგებამდე მივა, როგორიც არის დეპრესია და მომყოლი ემოციური მდგომარეობები.

ჩემი აზრით, იურისტს აუცილებლად უნდა მიმართო. არსებობს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად, “პარტნიორობა – ადამიანის უფლებებისთვის”, რომელსაც, ცხადია, შეგიძლია მიმართო, თუკი გადაწყვეტ, რომ სამართლებრივი გზით წახვიდე. თუმცა, გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან და მშობლებთან საუბრებიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ამას ვერ აკეთებს, რაც ძალიან კარგად მესმის – მსხვერპლის დადანაშაულება ჩვენი კულტურისთვის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს არ უყურებენ, რომ ქალია დაჩაგრული. საუბარია იმის შესახებ, რომ ქალმა ეს გააკეთა. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ დანაშაული მოხდა და მისი პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა, არამედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ქალს ადანაშაულებენ – “როგორ გააკეთა ეს მან, როგორ ჩაიდინა?!…”

ჩემი შვილი ახლა უკეთესად არის, რადგან ჩვენ მალევე დავიწყეთ ფსიქიატრთან სიარული, ძალიან მძიმედ იყო. შეიძლება ითქვას, რომ გადავრჩით. აუცილებელია მუდმივი საუბარი მშობელსა და შვილს შორის. ეს საუბარი არ უნდა იყოს იმპერატიული ტონით. ამ შემთხვევაში გოგონებზე მაქვს საუბარი, რადგან ბიჭებს ამ კულტურაში არანაირი პრობლემა არ აქვთ სექსის კუთხით, პირიქით, წახალისებულია და ლამის ძალით მიჰყავთ 13-14-15 წლის ასაკში, და თუ არ წავიდნენ, მანდ აქვთ პრობლემა.

გოგოების მშობლებს მინდა მივმართო, რომ კომუნიკაციის და ურთიერთობის ძაფი არ გაწყვიტონ – სექსუალური განათლება, რომელსაც მოზარდი სკოლაში ვერ იღებს, აუცილებელია, გარკვეულწილად, ოჯახიდან მიიღოს და ეს მხარდაჭერა აქედან ჰქონდეს.

ქალის სექსუალური ცხოვრება არანაირად არ არის დასაძრახი, არც სირცხვილია, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა.

მთავარია, [მოზარდმა] სწორი ინფორმაცია მიიღოს სექსუალური ცხოვრების შესახებ და არა პორნოსაიტებით, დამახინჯებული, ძალადობრივი ვიდეოებით. გოგონას მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახშივე იპოვოს მხარდაჭერა, თუნდაც ძალიან მარტივი სიტყვებით შეძლონ მშობლებმა მისი გამხნევება და მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება მაშინაც კი, თუკი ისინიც თვლიან, რომ სექსი არის სამყაროს დასასრული, თუ ეს მათ შვილს დაემართა, რადგან შესაძლებელია უფრო რთულ შედეგებამდე მივიდეთ.


პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით იძიებს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. შსს-ში განგვიცხადეს, რომ საქმისთვის საინტერესო არერთი პირია გამოკითხული, ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და გრძელდება გამოძიება.


⭕️ ინტერნეტში ბავშვების სექსუალური შევიწროება, ამ თემით შანტაჟი და ბულინგი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამოწვევაა, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებში. ნახეთ სიუჟეტი ამ თემაზე:

 

მასალა მომზადებულია პროექტის  “უჩინარების ისტორიები” ფარგლებში.

ამავე თემაზე გირჩევთ

როცა შენს შიშველ ფოტოს ან ვიდეოს სხვას უგზავნი – სპეციალისტების რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ მოზარდები სექსუალური ძალადობისაგან ონლაინ – რჩევები

სექსუალური ძალადობა – როგორ ამოვიცნოთ და დავიცვათ ბავშვი

ზღაპარი, რომელიც სექსუალური შევიწროებისაგან ბავშვების დაცვაში დაგეხმარებათ – კიკო და ხელი

მასალების გადაბეჭდვის წესი