ახალი ამბები

კილაძე მიიჩნევს, რომ NGO-მ სქესობრივი განათლება “მშობლის ფილტრის გარეშე” არ უნდა შემოიტანოს

29 მარტი, 2019 • 1552
კილაძე მიიჩნევს, რომ NGO-მ სქესობრივი განათლება “მშობლის ფილტრის გარეშე” არ უნდა შემოიტანოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განმარტა, რატომ იწერება ბავშვის უფლებათა კოდექსში, რომ სქესობრივი განათლების მიღება მხოლოდ მშობლის ნებართვით იქნება შესაძლებელი. კილაძის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ “რომელიმე არასამთავრობომ (NGO) ან ექსპერტმა არ შემოიტანოს მსგავსი გაკვეთილები” არაფორმალური განათლების ფარგლებში.

“მაგალითისთვის რომ ავიღოთ ასეთი კაზუსი – რომელიმე NGO-მ გადაწყვიტა, რომ გააკეთოს არაფორმალური განათლების ფარგლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები ან სადმე ბანაკში იყოს ასეთი გაკვეთილები, სადაც ბავშვები მიდიან და მშობლის მეთვალყურეობის გარეშე არიან… ამ შემთხვევაში რომ არ მოხდეს კიდევ მსგავსი შემთხვევა, რომელიმე NGO-მ ან ექსპერტმა არ შემოიტანოს მსგავსი გაკვეთილები, ამის აღკვეთა რომ მოხდეს, ან თუ ამის შემოთავაზება იქნება, მშობლის ფილტრი გაიაროს”, – განაცხადა კილაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “ღამის ამბებში”.

კილაძის მიერ ნახსენები “მსგავსი შემთხვევა”, რომელმაც ამ ჩანაწერის ინიცირება გამოიწვია, კილაძის თქმითვე, სქესობრივი განათლების შესახებ ხატია ახალაიას მიერ ონლაინ გაკვეთილები გახდა.

“კოდექსის რეგულირების თემა არ იყო სქესობრივი აღზრდის გაკვეთილების დაკანონება, რადგან ქალბატონ ხატია ახალიას მიერ გამოქვეყნებულმა ონლაინ გაკვეთილებმა სქესობრივი აღზრდის შესახებ გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი საზოგადოებაში. იმისთვის, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს და არ გამოიწვიოს მშობლების აღშფოთება, იყო შემოთავაზება და თხოვნა, გავაჩინოთ ისეთი ჩანაწერები, რომ მსგავსი გამოვლინებები არ იყოს და ბავშვების ჩაბმა არ მოხდეს მსგავსი ტიპის გაკვეთილებში მშობლების ჩაბმის გარეშე”, – განაცხადა კილაძემ.

სოფო კილაძემ ასევე განმარტა, რომ ტყუილია, თითქოს სქესობრივი განათლების გაკვეთლებში სასულიერო პირების ჩართვა მოხდება. რაც შეეხება იმას, უნდა იღებდნენ თუ არა ბავშვებში სკოლაში სექსუალურ განათლებას, კილაძის თქმით, “რაღაც ტიპის ინფორმაცია დღესაც მიეწოდება ბიოლოგიის გაკვეთილის ფარგლებში”, მაგრამ სხვა მხრივ, ამ საკითხის გადაწყვეტა განათლების სამინისტროს კომპეტენციაა.

ხატია ახალაია ორგანიზაცია “განათლებისა და შრომის ასოციაციის” წევრია და ფეისბუკში სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილებს აქვეყნებს. რამდენიმე კვირის წინ მან განაცხადა, რომ ვიდეოების გამო ემუქრებიან და სახლიდან ვერ გადის.

ხატია ახალაიას უფლებებს ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი იცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი