ახალი ამბები

ბატიაშვილი ნიკოლოზ რაჭველის გათავისუფლებაზე – ეს საკითხი არ განიხილება

28 მარტი, 2019 • 1979
ბატიაშვილი ნიკოლოზ რაჭველის გათავისუფლებაზე – ეს საკითხი არ განიხილება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ნიკოლოზ რაჭველის გათავისუფლების საკითხი არ განიხილება.

დღეს, 28 მარტს, მინისტრმა განაცხადა, რომ საკონცერტო დარბაზის საკითხს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად სწავლობენ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში ისინიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

“ფილარომონიის დარბაზი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ჩვენ მათთან ერთად საკმაოდ აქტიურად ვსწავლობთ ამ საკითხს. შენობა, როგორც გითხარით, მათ ბალანსზეა, ჩვენ კი კულტურის მიმართულებით ვართ პასუხისმგებელი. ერთობლივად საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ. ფილარმონიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩვენც ვიქნებით ჩართულნი. ერთადერთი მიზანია, ეს ობიექტი [ფილარმონია] ემსახურებოდეს დედაქალაქსა და კულტურულ ცხოვრებას. მეორე საკითხი ეხებოდა ნიკოლოზ რაჭველის გათავისუფლებას, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ  ეს საკითხი არასდროს განხილულა და არ განიხილება,”-განაცხადა ბატიაშვილმა.

მიხეილ გიორგაძემ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ რაჭველს განდიდების მანიით შეპყრობილს უწოდებს. გიორგაძემ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც სიმფონიურმა ორკესტრმა ფილარმონიის ორკესტრის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. ამასთან, გიორგაძემ ორკესტრის დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც ახსენა.

“ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია. 15 მლნ ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მლნ ევრომდე მოვიდა მოთხოვნა ახალი შენობის ასაშენებლად. ეს სრულად არაადეკვატურია და შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას აწყობს იყოს დაჩაგრულ პოზიციაში,” – აცხადებს გიორგაძე.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მიმართავს როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე – განათლებისა და ეკონომიკის მინისტრებს ფილარმონიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით.

სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მუსიკალური ცენტრის სამშენებლო სამუშაოებისთვის სამინისტროს მხრიდან განსაზღვრული იყო 15 მილიონი ლარი, რომელიც უნდა გადანაწილებულიყო 2019-2021 წწ-ზე. როგორც სამინისტოში აცხადებენ, მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელობა ამ თანხამ არ დააკმაყოფილა და 2018 წელს მათ მოითხოვეს 45 მლნ ევროს ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობის აშენება.

13 მარტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განცხადება გაავრცელა, სადაც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოს მართვაში დაბრუნება მოითხოვა. ორგანიზაცია ამის მიზეზად მმართველი კომპანიის მიერ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

საიაში აცხადებენ, რომ 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, შპს  ინტერნეიშენალ ივენთს  სახელმწიფოს მიმართ, მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით, 3 115 146 ლარის და 177 102 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება. დავალიანების შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჯარო რეესტრის თანახმად, შპს “ინტერნეიშენალ ივენთსის” 95%-იანი წილის მფლობელი გიორგი კერესელიძეა, რომელიც, ამავდროულად, “ისთერნ ფრომოუშენსის” 90% წილს ფლობს და არის მისი დირექტორი. ამ კომპანიაში მიხეილ გიორგაძე ერთ-ერთი მეწილე იყო. 2014 წლიდან კომპანიაში გიორგაძე წილს ოფიციალურად აღარ ფლობს. გიორგაძემ მის მფლობელობაში არსებული 22.50% უსასყიდლოდ გადასცა დავით მენაბდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი