სუსი: ოკუპირებულ რეგიონებში რუსული სპეცსამსახურები საფრთხეს უქმნიან უსაფრთხოებას

“ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ისე ევროპის უსაფრთხოებას”, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდში, როგორც უწყების დოკუმენტში წერია, “ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღების და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა”.

ანგარიშში საუბარია ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე.

“მიმდინარეობდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვითა და სხვა. საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებდნენ უკანონო დაკავებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული”.

უკანონო დაკავებები, ბორდერიზაცია და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს, აუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ახდენს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას.

“2018 წელს ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ შექმნილ ვითარებას, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას, საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი