ახალი ამბები

უცხო ქვეყნების ქმედებები ეთნიკური ჯგუფების დასაპირისპირებლად — სუსის ანგარიში

28 მარტი, 2019 • 2431
უცხო ქვეყნების ქმედებები ეთნიკური ჯგუფების დასაპირისპირებლად — სუსის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ანგარიშის თანახმად, 2018 წელს “უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას”; მიმართავდნენ ჰიბრიდული ომის მეთოდებს; მოსახლეობაში “აღვივებდნენ ანტიდასავლურ განწყობებს” და ა.შ.

სუს-ის ანგარიშში წერია, რომ “ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე, მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება”. თუმცა სუსს მითითებული არ აქვს, ვინ მოიაზრება დაინტერესებულ მხარეებში. ამასთან, ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც კონტრდაზვერვას ეხება, პირდაპირ არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები მოქმედებდნენ ქვეყნის საზიანოდ;

თავად სუს-ის კონტრდაზვერვითი საქმიანობა “მიმართული იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, დაინტერესების სფეროების, მათ მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების დადგენისა და შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებების გატარებისკენ”, — წერია სუს-ის 2018 წლის ანგარიშის ქვეთავში, რომელიც კონტრდაზვერვას ეხება.

უწყების ანგარიშის თანახმადვე, “აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი ორგანიზაციების, ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენის, მათგან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთისაკენ”.

[red_box]ძირითადი გამოწვევები[/red_box]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 28 მარტს წარუდგინა 2018 წლის ანგარიში. მასში ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითად გამოწვევებად დასახელებულია “ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, დესტაბილიზაციის, არეულობის ცალკეული კერების შექმნისა და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა, ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა”.

სუს-ის თანახმად:

  • ქვეყანაში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ ჰიბრიდული ომის მეთოდებს;
  • უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას;
  • მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას;
  • საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის, იმიჯის შელახვას;
  • ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას;
  • მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას;
  • საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას”.

ყალბი ახალი ამბები

უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე, მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება”. თუმცა მითითებული არ არის, ვისზეა ან რომელ მედიასაშუალებებზეა საუბარი.

საანგარიშო პერიოდში სუსს ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად დასახელებული აქვს დეზინფორმაციული კამპანია: “ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენა”.

სუსი წერს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დადგინდა, — უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს. “ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს ასევე წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების მიერ სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება”.

ამის პასუხად სუსი “მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება-განეიტრალების მიმართულებით. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება”.

[yellow_box]აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი[/yellow_box]

სუსი წერს, რომ “საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს”.

“აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე”.

[red_box]საგარეო პოლიტიკური კურსი[/red_box]

უწყების ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს გამოიკვეთა “უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით”:

“უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. მუდმივი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობის ფონზე საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა”.

[yellow_box]”ეკონომიკური მანიპულაცია”[/yellow_box]

სუის წერს, რომ საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა უცხო ქვეყნების მიერ საქართველოში არსებული ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე:

“უცხო ქვეყნების კომერციული ორგანიზაციები ცდილობდნენ, მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირებისთვის გამოეყენებინათ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი