ახალი ამბები

სოცსააგენტომ გორელ ქალს 10 ლარის გამო სასამართლოში უჩივლა

28 მარტი, 2019 • 2059
სოცსააგენტომ გორელ ქალს 10 ლარის გამო სასამართლოში უჩივლა

შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა გორის მკვიდრ 29 წლის ქალს სასამართლოში უჩივლა ზედმეტად ჩარიცხული 10 ლარის გამო.

ინფორმაცია გორის სათემო რადიო “მოზაიკამ” გაავრცელა. რადიოს ცნობით, გორის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი, ინიციალებით მ.კ., დახმარების სახით ყოველთვიურად იღებდა 10 ლარს. გარკვეული დროის შემდეგ მისი ოჯახის ორ წევრს ლეგალური შემოსავალი შეუვიდა, რასაც “მოჰყვა ოჯახის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება”, თუმცა ოჯახს ამის შესახებ სოციალური სააგენტოსთვის არ უცნობებია.

რადიოს ინფორმაციით, იმ დროისთვის, როდესაც ოჯახს შემოსავალი დაუფიქსირდა, სააგენტოს უკვე ჩარიცხული ჰქონდა 10 ლარი, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ შემოსავლის შესახებ გაიგო, უწყებამ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია სოციალურ სააგენტოში დაუდასტურეს. სააგენტოს თანახმად, ოჯახს ორი წევრის “ლეგალური შემოსავლის მიღების გამო შეუწყდა რეგისტრაცია”, მათ “ზედმეტად/არასწორად მიიღეს 2017 წლის სექტემბრის თვის საარსებო შემწეობა 10 ლარი”.

სააგენტოს თანახმად, ოჯახი მათ ორჯერ გააფრთხილეს, თანხა დაებრუნებინათ — 2017 წლის 6 დეკემბერსა და 2018 წლის 9 იანვარს; სააგენტოს თანახმადვე, ოჯახმა “არ აიღო ვალდებულება თანხის დაბრუნებაზე და დაიწყო სასამართლო წარმოება. თანხის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა”.

“მოზაიკის” თანახმად, მოსამართლემ სოციალური მომსახურების ცენტრის საჩივარი დააკმაყოფილა და მოქალაქეს 10 ლარის გადახდა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი