ახალი ამბები

ნატოსკენ სვლა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

28 მარტი, 2019 • 1094
ნატოსკენ სვლა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 28 მარტს, ნატო-საქართველოს სწავლების მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას საქართველოს ნატო-ში გაწევრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“საქართველოს სვლა ნატოსკენ და ამ გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენ მიმართ არ არის გამართლებული. საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს თავის არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს. ჩვენი ეს არჩევანი არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და მის უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას, ეს არის ერთადერთი სწორი, ერთადერთი მომავალზე  ორიენტირებული არჩევანი. ამიტომ, ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენ არჩეულ გზას: მეტი ნატო საქართველოში ,მეტი საქართველო ნატოში”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანი არის უცვლელი – ნატოს წევრობა. როგორც პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს მიზანია დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება.

“ნატო-საქართველოს სწავლებაში საქართველო უკვე ხელძღვანელი ქვეყანაა. ეს თავისთავად ნიშანდობლივია. ეს სტატუსი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვავითარეთ ჩვენი შესაძლებლობები ამ რიგით მეორე სწავლებისთვის და რამდენად გაიზარდა სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. სწორედ ჩვენს თავდაუზოგავ მონდომებაზეა პასუხი ასეთი აღიარება, მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს.

აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში ჩატარებული წინა სწავლებისგან განსხვავებით, წელს მონაწილე სახელმწიფოების რიცხვი 10-დან გაიზარდა და უკვე ნატო-ს 24 წევრი და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული ამ მნიშვნელოვან ფორმატში. სწორედ ასეთი ნაბიჯებით მიიღწევა ჩვენი საერთო მიზანი – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის თავისი ბოლოდროინდელი საგარეო ვიზიტების დროს ნატო-ს გენერალურ მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელობისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ისმენდა “საუკეთესო შეფასებებს ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით” და მისთვის, როგორც საქართველო პრეზიდენტისთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლისთვის, ძალიან საამაყო იყო”.

“მასშტაბური წვრთნები, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სტუმრობა – ეს ყველაფერი ჩვენ მიმართ ალიანსის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა”, – თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს სამხედრო და პოლიტიკურ რეფორმებს და ზედმიწევნით პასუხოსბ ყველა მოთხოვნას ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი