ახალი ამბები

სასამართლომ ბექა ხახუბიას საქმეზე ბრალდებული 1 პოლიციელი – უდანაშაულოდ, 2 კი დამნაშავედ ცნო

27 მარტი, 2019 • 1760
სასამართლომ ბექა ხახუბიას საქმეზე ბრალდებული 1 პოლიციელი – უდანაშაულოდ, 2 კი დამნაშავედ ცნო

გორის რაიონულმა სასამართლომ ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთაგან ერთი – ნუკრი ხაბელაშვილი უდანაშაულოდ ცნო, ზურაბ რუსიშვილს – 1.5 წლით, გია სადაღაშვილს კი – 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საპატრული პოლიციის სამ თანამშრომელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

“მოსამართლემ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რის თანახმადაც, ათმეთაური ცნო უდანაშაულოდ. გია სადაღაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება ზურაბ რუსიშვილს, იგი გამართლდა სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა დამნაშავედ იქნა ცნობილი 333-ე მუხლის პირველ ნაწილში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა”, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

მისი თქმით, ბრალდების მხარე განაჩენს არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


2017 წლის 16 მაისს ბექა ხახუბია, დეპუტატის, “ქართული ოცნების” წევრ ირაკლი ხახუბიას შვილი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ორი ხელმძღვანელი პირი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

17 მაისს ეს საქმე მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა. ბექა ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე ბრალი საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს წარედგინა. პროკურატურამ მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ნიშნავს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.

პროკურატურამ სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით მიმართა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 1 000 ლარის ოდენობით შეუფარდა და მათი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი